არჩევნები
კუმურდოში პოლიციელებმა დამკვირვებელი დააკავეს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოს #69 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჟორჟიკ საარიანმა პოლიციას დამკვირვებლის დაკავების მოთხოვნით მიმართა.

მისი თქმით, დამკვირვებელი ხელს უშლიდა არჩევნების პროცესს. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო jnews.ge ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით უცნობია, თუ რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდა დაკავებული დამკვირვებელი.

კამათი დამკვირვებლისა და კომისიის თავმჯდომარეს შორის დაახლოებით 12:00 საათზე დაიწყო.

„ეს დამკვირვებელი დილით ადრე მოვიდა და თავიდანვე პროვოცირებას ახდენდა. სიებს უღებდა სურათებს. მივედი და ვუთხარი, რომ სიებისთვის ფოტოს გადაღება არ შეიძლება. როცა მის ბეიჯს შევეხე, ძაფი გაწყდა. მან დაიწყო ხმაური და ამით ხელი შეუშალა არჩევნების პროცესს“. –ამბობს ჟორჟიკ საარიანი.

უბანზე მყოფმა დამკვირვებლებმა, რამდენიმე დარღვევა დააფიქსირეს. ამომრჩევლები ხმას მარკირების შემოწმების გარეშე აძლევდნენ, ხმის მიცემის პროცესი კი ღიად მიმდინარეობდა. დამკვირვებლების თქმით, უბნის თავმჯდომარე მათ საჩივრის დაწერის საშუალებას არ აძლევდა.
| Print |