არჩევნები
ადიგენში, 2019 წლის ოქტომბერში კიდევ ერთი შუალედური არჩევნები გაიმართება

 

სოფელ არალის მოსახლეობა მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. ადიგენის #38 საარჩევნო ოლქში, ოქტომბერში შუალედური არჩევნები გაიმართება. ლაზარე ჩილინგარაშვილი ავადმყოფობის შედეგად, მიმდინარე წლის ხუთ აპრილს გარდაიცვალა. მან მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვა.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, თუ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდა, არჩევნები იმავე წლის ოქტომბერში გაიმართება.

„დეპუტატის უფლებამოსილება რომ შეწყვეტილიყო 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე პერიოდში, შუალედური არჩევნები ამ უბანზეც 19 მაისს გაიმართებოდა“, - განმარტავს #38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა მაჭარაშვილი.

სოფელ არალის #3 უბანზე 1 467 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

გამოკლებული წევრის შევსების მიზნით, საკრებულოს შუალედური არჩევნები ადიგენის ოლქში 19 მაისსაც იმართება. #2 უბანზე მაჟორიტარი კანდიდატი უკვე წარადგინა „ქართულმა ოცნებამ“. არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს „ევროპული საქართველო“. პარტია მიზეზად მმართველი ძალის მიერ ხალხის დაშინებას ასახელებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კანდიდატს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ ვადებში, 19 აპრილამდე წარადგენს.

 

| Print |