ეკონომიკა
საქართველოში სასტუმროების ფასები მცირდება
საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის ნოემბერში, 2017 წლის ნოემბერთან შედარებით, 0.1%-ით შემცირდა.

მოცემულ პერიოდში, სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები თბილისში 8.9%-ით შემცირდა. ყველაზე მეტად ფასების ვარდნა გურიაში (-14.7%) და კახეთში (-13.6%) აღინიშნა.

PMSG-ის კვლევის მიხედვით, 2018 წლის ნოემბერში, 2017 წლის ნოემბერთან შედარებით სასტუმროების ფასები მხოლოდ სამ რეგიონში გაიზარდა, აჭარაში, მცხეთა-მთიანეთში და სამცხე-ჯავახეთში. მათ შორის აჭარაში ყველაზე მეტად – 21.8%-ით.

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის ნოემბერში, 2018 წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით, 11.2%-ით შემცირდა. სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად თბილისში (-13.1%), კახეთში (-12.5%) და შიდა ქართლში (-12.5%) შემცირდა.

საქართველოს ათ რეგიონს და თბილისს შორის, 2018 წლის ნოემბერში, ოქტომბრის თვესთან შედარებით, სასტუმროს ფასები არც ერთ რეგიონში არ გაზრდილა.

საქართველოში 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის ნოემბერში, 2018 წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით, 11.7%-ით შემცირდა. ამ ტიპის სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად თბილისში და ქვემო ქართლში შემცირდა. 2018 წლის ნოემბერში, 2018 წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ზრდა არც ერთ რეგიონში არ დაფიქსირდა.

საქართველოში საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 2018 წლის ნოემბერში, 2018 წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით, 7.1%-ით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად კახეთში და შიდა ქართლში შემცირდა. საოჯახო ტიპის სასტუმროებში, ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ფასები არც ერთ რეგიონში არ გაზრდილა. თბილისში კი აღნიშნული ტიპის სასტუმროების ფასების კლებამ 4.4% შეადგინა.

წყარო: PMCG
| Print |