ეკონომიკა
უარი განვადებასა და სესხზე - ტექნიკის მაღაზიებში ვაჭრობამ იკლო
საშუალო და დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის იპოთეკური და სამომხმარებლო სესხის აღება, ასევე განვადების დამტკიცება მნიშვნელოვნად გართულდა. ტექნიკის მაღაზიებში ამბობენ, რომ ვაჭრობამ იკლო. საბანკო რეგულაციები 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.

თეონა მურჯიკნელმა 745-ლარიანი ლეპტოპი ახალციხეში, ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზიაში განვადებით შეიძინა. ოჯახის ბიუჯეტიდან გამომდინარე ამბობს რომ, თანხის დაფარვას ოთხ თვეში ახერხებდა, თუმცა ერთ-ერთმა ბანკმა განვადება მხოლოდ საკუთარი პირობებით დაუმტკიცა. 745-ლარიან ლეპტოპში, სამ წელში, 1 134 ლარის გადახდა მოუწევს.
„მითხრეს, განვადების მინიმუმ ექვს თვეზე გაკეთება შეგვიძლიაო. დავთანხმდი, მაგრამ განაცხადის შევსების შემდეგ, სამწლიანი დამიმტკიცეს. ახლა თვეში 32 ლარი უნდა გადავიხადო.700-ლარიან ტექნიკაზე 400 ლარის პროცენტის გადახდა მიწევს“, - გვიყვება თეონა.



განვადების და სესხის გაცემის პირობები, 2019 წლის პირველი იანვრიდან შეიცვალა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა რეგულაციები გამკაცრდა. ნაწილი 2018 წლის შვიდი მაისიდან ამოქმედდა.

„თიბისის“და „საქართველოს ბანკს“ უფრო დიდი დარტყმა მაისის რეგულაციებმა მიაყენა, ვიდრე პირველი იანვრის ცვლილებებმა. ორივე ბანკი განვადებას მხოლოდ დადასტურებულ შემოსავალზე ამტკიცებს“, - გვიხსნის ერთ-ერთ ტექნიკის მაღაზიაში ბანკის განვადების ოპერატორი.

„ადრე უფრო მარტივად მტკიცდებოდა განვადების განაცხადი. ახლა ძალიან ხშირად მოდის უარი. შავ სიაში ვინც არის, იმას საერთოდ აღარ უმტკიცებენ. თვეების წინ თუ ისტორიაში ვადაგადაცილება უფიქსირდებოდა, პრობლემა არ ექმნებოდა, ახლა ერთი დღეც რომ ჰქონდეს რაიმე ფინანსურ ვალდებულებაზე გადაცილება, განვადებაზე უარი მოუვა“, - გვიხსნის ერთ-ერთი ბანკის განვადების ოპერატორი.

ახალციხეში ტექნიკის ხუთი მსხვილი მაღაზიაა. ერთ-ერთმა გაყიდვების შესახებ ინფორმაცია არ გასცა, დანარჩენებმა კი დაგვიდასტურეს, რომ გაყიდვებმა იკლო.

„მოსახლეობის რთული ეკონომიკური მდგომარეობა, გაყიდვებზე აისახება. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ განვადებაზე უფრო მეტი მოთხოვნაა, ვიდრე ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენაზე“, - ამბობენ “ზუმერში“.

„განვადება რომ არ უმტკიცდებათ, მერე სრული თანხით მოდიან და ისე ყიდულობენ. ალბათ კრედიტს იღებენ“, - გვითხრეს„მეგატექნიკაში“.



სავაჭრო ობიექტებში განმარტავენ, რომ თანდათან იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც მაღაზიიდან უარით ისტუმრებენ.

„ერთი თვის წინ ტელეფონი გამიფუჭდა და იმ მომენტში არ მქონდა იმდენი თანხა, რომ პირდაპირ შემეძინა. ხელფასი 600 ლარი მაქვს, მაგრამ არც ერთმა ბანკმა არ გამიკეთა განვადება“.

„ვეთანხმები ამ რეგულაციებს. ადვილად რომ გასცემდნენ კრედიტებს და განვადებებს, მაგის შედეგია რა დღეშიც არის ხალხი“.

„გამოდის, რომ განვადებით მხოლოდ ის ისარგებლებს, ვისაც მაღალი ხელფასი და კარგი საკრედიტო ისტორია აქვს. მაგრამ ასეთს განვადება რისთვის სჭირდება? ამით სარგებლობდნენ ადამიანები, ვისაც ერთდროულად ამხელა ფული არ ჰქონდა და აწყობდა თვეში 100 ლარის გადახდა“, -
ამბობენ ადგილობრივები. 



შპს „დაგი“ ახალციხეში ერთ-ერთი მაღაზიაა, სადაც პირველი იანვრის შემდეგ, ტექნიკის გაყიდვამ 30-40%-ით იკლო. დირექტორი გელა ჭალიძე გვიხსნის, რომ განსაკუთრებით გართულდა განვადების დამტკიცება.

„რეგულაციებმა 90%-ით შეაჩერა განვადებით გაყიდვები. ვისაც რეალურად შეიძლება დაუმტკიცდეს, იმათაც გართულებული აქვს ეს პროცედურა. საშუალოდ, 10-დან ერთს უმტკიცდება განვადება. რეგულაციებამდე მინიმუმ, 4-ჯერ მეტს. ვფიქრობ, მოსახლეობას დადებითად წაადგება. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ფარავდა განვადებას. მეორე მხრივ, ბევრ ადამიანს სარეცხის მანქანა და მაცივარი დღემდე არ აქვს და განვადებით ყიდულობდა, ამ რეგულაციებით მათთვის საოჯახო ტექნიკის შეძენა შეუძლებელი ხდება. რეგულაციებს ორი მხარე აქვს, მთავარი ის არის, რომელი გადაწონის, რომელს უფრო პოზიტიური შედეგი ექნება“, - გვეუბნება შპს „დაგის“ დირექტორი გელა ჭელიძე.

რეფორმის ავტორებმა საბანკო რეგულაციების გამკაცრება ქვეყანაში ჭარბვალიანობის დაძლევის მიზეზით ახსნეს.

„ეს რეგულაციები საგრძნობლად დაგეხმარება, რომ მოსახლეობა, განსაკუთრებით ღარიბი მოქალაქეები, დავიცვათ გაუაზრებელი კრედიტებისგან“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე. ამავე კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მიიჩნევს, რომ საბანკო რეგულაციები დიდხანს არ უნდა შენარჩუნდეს.
„ეს არ არის გრძელვადიანი რეგულაცია, რომელიც სამუდამოდ უნდა შევინარჩუნოთ. განვითარების გარკვეულ ეტაპზე, ცნობიერების განვითარების პირობებში, ალბათ შესაძლებელი იქნება ამის შეცვლა”,- განაცხადა “ტვპირველთან” რომან კაკულიამ.



1 იანვრიდან ძალაში შევიდა ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული, ფიზიკურ პირებზე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულება. ბანკის ცნობით, რეგულაციების მიზანია საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა. სესხის გამცემს დაევალა შეაფასოს მსესხებლის გადახდის უნარიანობა და ფიზიკურ პირს არ ასესხოს იმაზე მეტი, ვიდრე გადახდას შეძლებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მოდელია.
| Print |