ეკონომიკა
ნავთობი ძვირდება - რა ფაქტორები განაპირობებს ბოლო დღეებში საწვავზე ფასის ზრდას
მსოფლიოში ნავთობის ფასი იზრდება. ამ დროის მონაცემებით, ერთი ბარელი Brent-ის ტიპის საწვავი 87,63 დოლარი ღირს, WTI-ის ტიპის კი 84,48 დოლარი.

მსოფლიო სავაჭრო ბირჟებზე ნავთობის ფასის ზრდაზე რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა გავლენა. მათ შორის არის ამერიკული ნავთობის ინსტიტუტის API-ს მონაცემები ამერიკის ნავთობის მარაგების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ნავთობის კომერციული მარაგები გასულ კვირას გაიზარდა 4,067 მილიონი ბარელით, ის მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა. ნავთობის მარაგი კუშინგის ტერმინალზე, სადაც NYMEX-ზე სავაჭრო ნავთობი ფიზიკურად ინახება, 112 ათასი ბარელით შემცირდა. ამასთან, ამერიკაში 413 ათასი ბარელით შემცირდა ბენზინის მარაგები, დისტილატების კი - 2,093 მლნ ბარელით.

ბაზარი ასევე რეაგირებს ჩინეთის ეკონომიკურ სტატისტიკაზე. ჩინეთის სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) - ინფლაციის მთავარი მაჩვენებელი - 2023 წლის ივლისში წლიური თვალსაზრისით 0,3%-ით შემცირდა. ამასთან, ჩინეთმა 2023 წლის ივლისში ნავთობის იმპორტი 6-თვიან მინიმუმამდე - დღეში 10,33 მლნ ბარელამდე შეამცირა, რაც 29%-ით ნაკლებია ივნისის მოცულობასთან შედარებით.

როგორც Mizuho Securities-ის ენერგიის ფიუჩერსების აღმასრულებელმა დირექტორმა რ. იაუგერმა აღნიშნა, „გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე სერიოზული ბრძოლა გაიმართა ჩინეთში მოთხოვნის შემცირებასა და საუდის არაბეთიდან მიწოდების შემცირებას შორის.

ნავთობის ფასის ზრდაზე გავლენა იქონია ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) მოხსენებამ, რომელმაც [U1] 2023 წლის Brent-ის საშუალო ფასის პროგნოზი 83 დოლარიდან 86 დოლარამდე გაზარდა. 2024 წლის პროგნოზი კი 84 დოლარიდან 86 დოლარამდე გაიზარდა.

„ჩვენ ველით, რომ წარმოების შემცირება მოთხოვნის ზრდასთან ერთად გამოიწვევს ნავთობის გლობალური მარაგების შემცირებას და ნავთობის ფასებზე ზეწოლას, ამ წლის ბოლომდე მოახდენს. Brent-ის ნავთობის საშუალო ფასი, ჩვენი პროგნოზით, 2023 წლის მეორე ნახევარში იქნება 86 დოლარი ბარელზე, ნოემბერსა და დეკემბერში ის მიაღწევს 88 დოლარს ბარელზე და ამ დონესთან ახლოს დარჩება 2024 წლის პირველ კვარტალში“, - წერია განცხადებაში.

როგორც Reuters აღნიშნავს, ზოგადად, ნავთობის ფასები იზრდება საუდის არაბეთიდან და რუსეთიდან შემცირებული მიწოდების ფონზე.

საუდის არაბეთმა 3 აგვისტოს გამოაცხადა, რომ სექტემბრისთვის გაახანგრძლივებს მოპოვების ნებაყოფლობით შემცირებას 1 მილიონი ბარელით დღეში. იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ასევე გააგრძელებს ნაკლები ნავთობის ექსპორტს სექტემბერში.

სამშაბათს, 8 აგვისტოს, საუდის არაბეთის მინისტრთა კაბინეტმა დაადასტურა, რომ მხარს უჭერს OPEC +-ის მიერ მიღებულ პრევენციულ ზომებს ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციისთვის.
| Print |