ეკონომიკა
ლარის სტაბილიზაციის მიზნით ეროვნულ ბანკს 110 მილიონი დოლარის გაყიდვა მოუწია - რომან გოცირიძე
ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ლარის გაუფასურებას სოციალურ ქსელში პოსტს უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ლარის გაუფასურების ტენდენცია გრძელდება და ეროვნულმა ბანკმა დღეს 45 მილიონი დოლარი გაყიდა ამ პროცესის შესაჩერებლად. ფარცხალაძის სკანდალისა და ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ, ლარის სტაბილიზაციის მიზნით ეროვნულ ბანკს 110 მილიონი დოლარის გაყიდვა მოუწია, შესაბამისად, შემცირდა ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვებიც. არა და მანამდე ყველაფერი პირიქით იყო. მნიშვნელოვნად გაიზარდა ამავე პერიოდში ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების მოცულობაც.

ეროვნული ბანკი დღევანდელ ინტერვენციას ხსნის “მსხვილი ერთერადი ტრანზაქციით”. ალბათ, რომელიმე კომერციულ ბანკს მოუნდა ამა თუ იმ მიზნით დიდი ოდენობის უცხოური ვალუტის შეძენა, მაგრამ ასეც რომ იყოს, ეს არ ცვლის საერთო სურათს.

ეროვნული ბანკის მენეჯმენტი პარალიზებულია. სასწრაფოდ უნდა დაიწყოს დიალოგი პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის, რათა დროზე შეირჩეს ეროვნულ ბანკის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტების კანდიდატები“
- წერს რომან გოცირიძე.
| Print |