ეკონომიკა
სესხის აღების წესი შეიცვალა - ვისთვის გამკაცრდა და გამარტივდა პირობები?
2024 წლის 1-ლი იანვრიდან სესხის აღების პირობები შეიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა გასული წლის ოქტომბერში მიიღო.

კერძოდ, ცვლილების თანახმად, 1-ლი იანვრიდან 300 000 ლარამდე ოდენობის სესხის აღება მოქალაქეებს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში შეეძლებათ. საუბარია, იმ ადამიანებზე ვისაც შემოსავალი ლარში აქვს.

შეგახსენებთ, რომ უცხოურ ვალუტაში სესხის აღებაზე შეზღუდვები 2017 წლის 20 იანვრიდან დაწესდა. თავდაპირველად, ლიმიტი 100 000 ლარი იყო, 2019 წლის 23 იანვრიდან კი 200 000 ლარამდე გაიზარდა. 2024 წლის 1-ლი იანვრიდან კი ეს ზღვარი 300 ათას ლარამდე გაიზარდა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ადამიანებს ვისაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში ერიცხებათ, სესხის აღება ყველანაირი დათქმების გარეშე შეეძლებათ. (აქამდე უცხოურ ვალუტაში შემოსავლის მქონე პირებიც ვერ იღებდნენ უცხოურ ვალუტაში სესხს, თუ ჯამური თანხა 200 000 ლარის ეკვივალანეტს არ აღემატებოდა).

როგორც ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა მაშინ განმარტავდა, ცვლილებები შეეხება იმ პირებს, რომელთა ოჯახის წევრები არიან ემიგრანტები და შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ, ასევე მეზღვაურებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებულებსა და სხვა პირებს, ვისაც ძირითადი შემოსავალი აქვს უცხოურ ვალუტაში.

შესაბამისად, ამ ადამიანებს 1-ლი იანვრიდან უკვე შეუძლიათ, ნებისმიერი თანხა მიიღონ ბანკისგან კრედიტის სახით, იმ უცხოურ ვალუტაში, რომელშიც შემოსავალი ერიცხებათ.
| Print |