განათლება
განათლების სამინისტრო პირველკლასელთა ასაკობრივი ცენზის გადახედვას არ გეგმავს
განათლების სამინისტრო 6 წლამდე ბავშვების სკოლაში მიღებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გადახედვას წელს არ აპირებს. 2019-2020 სასწავლო წელს პიეველ კლასში სწავლას დაიწყებენ ის ბავშვები, რომლებსაც ექვსი წელი 16 სექტემბრამდე უსრულდებათ. უწყებაში ამბობენ, რომ ამ მიმართულებით ცვლილებები არ იგეგმება.

რამდენიმე დღის წინ საკანონმდებლო ორგანოში შევიდა პეტიცია, რომლითაც 402 მოქალაქე იმ ბავშვების პირველ კლასში მიღებას მოითხოვს, რომლებსაც 6 წელი პირველ იანვრამდე შეუსრულდებათ.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, პეტიციის განხილვა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს დაევალა.

პირველკლასელის სასკოლო ასაკის შესაძლო გადახედვის საკითხი გასულ წელსაც წამოიჭრა. როგორც 2018 წლის სექტემბერში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი აცხადებდა, განხილული შეიძლება იყოს რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის ის, რომ სკოლაში დაშვებული იყოს ბავშვის მიღება, რომელსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უსრულდება, ან მეორე - პირველ კლასში მიღებამდე შესაძლოა, 2-წლიანი მოსამზადებელი კურსი შემოიღონ.

თუმცა, ცვლილება არ განხორციელებულა და მოქმედი რეგულაციით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის 6 წელი უკვე შესრულებული აქვთ.
| Print |