განათლება
აზავრეთის სკოლის გაფიცულ მოსწავლეებს ხელისუფლება გამოსავალს ვერ სთავაზობს
ახალქალაქის სოფელ აზავრეთის საჯარო სკოლის 210 ბავშვი და მათი მშობლები მეოთხე დღეა გაფიცულები არიან. მოსწავლეები სკოლის ახალი შენობის აშენებს ითხოვენ, რადგან არსებული ავარიულია და იქ სასწავლო პროცესის წარმართვა სიცოცხლისთვის საშიშია.

„ჩვენ არ ვუშვებთ ბავშვებს და არც მათ აქვთ სურვილი სკოლაში იარონ“, „ამ შემთხვევაში ჩვენთვის ბავშვების სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სწავლა“, - გვითხრეს აზავრეთის სკოლის მოსწავლეების მშობლებმა.

სკოლის კედლები რამდენიმე ოთახში ჩამონგრეულია, თითქმის ყველგან ჩამოშლილია ჭერი და დაზიანებული სახურავიდან შენობაში წყალი ჩადის, ალაგ-ალაგ აყრილია იატაკი. მიმდინარე სასწავლო წელს რამდენიმე საკლასო ოთახი, საშიში ვითარების გამო, დაკეტილი იყო. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ 1937 წელს აშენებული სკოლა მხოლოდ ერთხელ, 20 წლის წინ, კოსმეტიკურად შეკეთდა.

„სკოლის ადმინისტრაცია მხარს ვუჭერთ გაფიცულ მოსწავლეებს და მათ მშობლებს, რადგან ამ სკოლაში სწავლა სიცოცხლისთვის მართლაც საშიშია“
, - გვითხრა სკოლის დირექტორმა.



სლავიკ ეღიზარიანმა ახალქალაქის მერიას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიწერა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, 3 აპრილს, სკოლის დირექტორის წერილი განათლების სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას გადაუგზავნა და საკითხის შესწავლა დაავალა.

განათლებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში tv9news.ge-ს დაგვპირდნენ, რომ გაარკვევენ, რა მსვლელობა მიეცა აზავრეთის სკოლის დირექტორის წერილს. შეწყვეტილი სასწავლო პროცესის შესახებ განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში არაფერი იცოდნენ და კომენტარს საკითხის შესწავლის შემდეგ გააკეთებენ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მოვლენების განვითარებას ელოდებიან და პრობლემის უახლოეს მომავალში მოსაგვარებლად სკოლას ჯერ ვერაფერს სთავაზობენ.

„ამ ეტაპზე სკოლის კაპიტალური რემონტი იგეგმება, რაც დაახლოებით ერთ მილიონამდე ლარი დაჯდება. ეს თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა მოვითხოვოთ და სამუშაოებს მომავალ წელს დავიწყებთ. ადგილობრივი ბიუჯეტით ახალი სკოლის აშენებაზე ოცნებაც კი არ შეგვიძლია“, - გვითხრა იური უნანიანმა.



მშობლები და პედაგოგები ახლომდებარე სკოლაში ბავშვების გადაყვანას არც განიხილავენ, რადგან მოსწავლეებს იქ სიარული გაუჭირდებათ.

„ცუდი გზაა და ზამთარში ბავშვები ვერ ივლიან იმ სოფელში, თან მუდმივად ძლიერი ქარია, ვერ გავუშვებთ, ამიტომ, რაც შეიძლება მალე უნდა მოაგვარონ ეს საკითხი“, - ამბობენ მშობლები.

ახალქალაქის რესურსცენტრი tv9news.ge-ს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. მათი პოზიცია შეწყვეტილ სასწავლო პროცესთან დაკავშირებით უცნობია.

მშობლები და ბავშვები კატეგორიულად ითხოვენ სკოლისთვის ახალი შენობის აშენებას და სასწავლო პროცესის განახლებას მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.
| Print |