განათლება
რეგიონის სკოლებში სწავლას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ - განათლების მინისტრი
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ დიდი ქალაქის სკოლები დარჩებიან, რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კი არსებული ფორმატი შენარჩუნდება. ამასთან, როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, დასწრებითი სწავლება მხოლოდ მედიცინის მიმართულების სტუდენტებისთვის იქნება.
„უწყებათაშორისმა საბჭომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო გარკვეული გადაწყვეტილებები. მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო საბავშო ბაღებში შეჩერებული აქვთ მუშაობა და ეს ნარჩუნდება. დიდ ქალაქების სკოლები უკვე გადასულნი არიან დისტანციურ რეჟიმზე და ესეც ნარჩუნდება. რაც შეეხება დიდ ქალაქებს, აქ პროფესიული სასწავლებლები და უნივერსიტეტები სრულად გადავლენ დისტანციურ რეჟიმზე, გარდა უნივერისიტეტებში მედიცინის აკადემიური პროგრამებისა. როგორც მოგეხსენებათ, სიტუაციიდან გამომდინარე, მედიცინის მიმართულება სტრატეგიული პრიორიტეტია ქვეყნისთვის “, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დისტანციურ სწავლებაზე იქნებიან თბილისის, თელავის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ფოთის, ზუგდიდის და სათხილამურო კურორტების სკოლები.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად საქართველოს მუნიციპალიტეტებში საკლასო სწავლების ფორმატი ნარჩუნდება, თუმცა დისტანციური სწავლების რეჟიმზე სხვადასხვა რეგიონის სკოლები ყოველდღიურად გადადიან. გადაწყვეტილებას ადგილობრივი რესურსცენტრები იღებენ, მიზეზი კი ეპიდემიოლოგიურ ვითარება ან სკოლაში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევები ხდება.
დისტანციურ სწავლებაზე გადასვლას ითხოვენ ახალციხეშიც. ამასთან დაკავშირებით მშობლები დირექტორების სახელზე განცხადებებს წერენ.
გააზიარეთ :