განათლება
ასპინძელი ჯარჯი მაგრაქველიძე ერთი წლით აშშ-ში ისწავლის
დაბა ასპინძის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, ჯარჯი მაგრაქველიძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX -ის გამარჯვებულია. ის ერთ სასწავლო წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარებს და იქ ისწავლის.

როგორც მოსწავლე ამბობს, კონკურსში შარშანაც მონაწილეობდა, ვერ გაიმარჯვა, მაგრამ არ დანებდა და სასურველ შედეგს წელს მიაღწია. ის ვაშინგტონის დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია, რომელიც განათლების დარგში ამერიკელი სპეციალისტებისგან შედგებოდა.

„ამ პროგრამის შესახებ ჩემი დისგან გავიგე. მახსოვს, როგორ მოუთმენლად ელოდა შედეგს. გამიჩნდა სურვილი, მეც ვყოფილიყავი ამ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც FLEX-ი ჰქვია. გამოწვევად ჩავთვალე, ერთი წლის წინ მიღებული უარი. დანებებას არ ვაპირებდი და მეორე წელს ისევ დავწერე ტესტი. დამირეკეს, ნახევარფინალისტი გახდიო. გავიარე ნახევარფინალის გასაუბრება და დავწერე ესეები. მაშინ ვთქვი, შეუძლებელი არაფერია, თუ გულით რამეს მოინდომებ. ასეც არის, დღეს FLEX -ის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის ფინალისტი ვარ.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი ინგლისური ენის პედაგოგს, ქალბატონ ინგა ზედგინიძეს, რომელსაც ყოველთვის სჯეროდა ჩემი და იყო მოტივატორი“
- წერს მოსწავლე.
| Print |