განათლება
გამოცდების ეროვნული ცენტრი ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს
გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს.

მათი ცნობით, მიმდინარეობს რეგისტრაცია 2023 წლის საგამოცდო პროცესისათვის. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და მასწავლებლის საგნის, ასევე უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ 3 აპრილის 18:00 საათის შემდეგ 2023 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველი ვეღარ დარეგისტრირდება. ეს ის ვადაა, როდესაც ძირითადი რეგისტრაცია სრულდება. ამ თარიღის შემდეგ აბიტურიენტებს 13 აპრილის 18:00 საათამდე მხოლოდ საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა შეეძლებათ; პროგრამების წაშლის, არჩევისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში აქვთ. ეს პროცესი აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათზე შეწყდება. კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება.

ამასთან, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია. ამავე თანხას იხდის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეც. პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის დარეგისტრირება უფასოა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისა და მასწავლებლობის მსურველი პირებისათვის რეგისტრაციის საფასური 50 ლარია.

"რეგისტრაციის პირველივე ეტაპზე იხდით შესაბამის საფასურს (1 საგანი - 10 ლარი). სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ. თუ გადახდა არ დადასტურდა, გამოცდებში მონაწილეობის მსურველი ეკრანზე ხედავს შესაბამის შეტყობინებას და ვეღარ ასრულებს რეგისტრაციას. გადახდის შესაძლო საშუალებები გამოქვეყნებულია ვებგვერდზე www.naec.ge”,- აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

კითხვაზე, როგორ უნდა გაიგოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველმა ნამდვილად დარეგისტრირდა თუ არა, გამოცდევბის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ რეგისტრაციის დასრულებისას მომხმარებელი მიიღებს სისტემაში შესასვლელს ხუთნიშნა კოდს და ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ რეგისტრაცია წარმატებითაა გავლილი. ცენტში გვირჩევენ, არ გავანდოთ სხვას კოდი.

„ცენტრის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია ელექტრონული კრებული „ცნობარი აბიტურიენტებისათვის" https://naec.ge/#/ge/post/2361 ცნობარში მოცემულია ყველა უმაღლესი სასწავლებელი და ასევე, ყველა ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებზეც მიმდინარეობს მიღება მიმდინარე სასწავლო წელს. ცნობარში იხილავთ დეტალურ ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ.

შემოქმედებით ტურს ირჩევთ რეგისტრაციის დროს თანხის გადახდის გარეშე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამისი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციას.

ამასთან, სპეციალური პირობის მონიშვნა და შემდგომ ფორმა N100 -ის წარმოდგენა 13 აპრილის 18:00 საათამდე ევალებათ იმ პირებს, რომლებიც საჭიროებენ გამოცდების დროს სპეციფიკური გარემოს შექმნას. მხედველობის სათვალის გამო სპეციალური პირობის მონიშვნა საჭირო არ არის“,-
ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან კითხვაზე, საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შემთხვევაში, რომელსაც აკრედიტაციის ვადა რამდენიმე თვეში გასდის, რაიმე პრობლემა იქნება თუ არა, გამოცდების ცენტრში განმარტავენ, რომმნიშვნელოვანია, ჩარიცხვის მომენტში პროგრამა იყოს აკრედიტებული, რადგან სხვა შემთხვევაში სტუდენტი გრანტს ვერ მიიღებს. „ცნობარში მითითებული ინფორმაცია განახლებადია და გარკვეული პერიოდულობით შეგიძლიათ გადაამოწმოთ აკრედიტაციის გახანგრძლივების ვადები ცენტრის ვებგვერდზე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!“- ნათქვამია განცხადებაში.
| Print |