განათლება
სექტემბრიდან სკოლაში შესვლის ასაკთან დაკავშირებით ცვლილებები შედის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, ბავშვებს, რომლებსაც 1-ელ ნოემბრამდე 6 წელი შეუსრულდებათ, უფლება ექნებათ, სკოლაში 2023 წლის სექტემბრიდან შევიდნენ.

მისივე თქმით, პროცესი ნებაყოფლობითი იქნება და მშობლებს შეეძლებათ ბავშვები სკოლაში წაიყვანონ ან საბავშვო ბაღში დატოვონ.

„სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, შესაძლებლობა გვაქვს, მშობლების მომეტებული მოთხოვნა, რომელიც ბავშვის სასკოლო ასაკს ეხება, ეტაპობრივად დავაკმაყოფილოთ. წელს, ბავშვებს, რომლებსაც 1-ელ ნოემბრამდე 6 წელი შეუსრულდებათ, უფლება ექნებათ, სკოლაში შევიდნენ. მოგეხსენებათ, ეს წესი აქამდე 1-ელ ოქტომბრამდე მოქმედებდა და ის ერთი თვით გავახანგრძლივეთ. იმ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებთან ერთად, რომელიც 800 სკოლის აშენებასა და რეაბილიტაციას გულისხმობს, ჩვენ ნელ-ნელა ამ ვადას გავახანგრძლივებთ. მაქსიმალური გადაწევის საშუალება 31 დეკემბრამდეა. გადაწყვეტილება ნებაყოფლობითი იქნება. მშობლები არჩევანში სრულად თავისუფლები იქნებიან. შეუძლიათ ბავშვი სკოლაში შეიყვანონ ან საბავშვო ბაღში დატოვონ“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
| Print |