განათლება
როდიდან დაიწყება ატესტატების გაცემა?
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში სკოლის დამთავრების დამადასტურებელი ატესტატების მისაღებად განცხადებების მიღება და ატესტატის გაცემა 3 ივლისიდან დაიწყება.

მთელი ქვეყნის მასშტაბით წელს სკოლა 47 306-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა.

სკოლადამთავრებულებმა, ატესტატების მისაღებად, იუსტიციის სახლებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებს უნდა მიმართონ.

აბიტურიენტები მზა ატესტატებს განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ მიიღებენ; დაჩქარებულად მიღება კი ფასიანია.

დოკუმენტის უფასოდ მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ატესტატის მიღება შესაძლებელია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ატესტატი არის ორიგინალი დოკუმენტის ასლი, რომელიც დედნის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული დოკუმენტია.

დაინტერესებულ პირებს მატერიალური დოკუმენტის დამზადების შემდეგ, ნებისმიერ დროს, ადგილიდან გაუსვლელად შეუძლიათ ელექტრონული პორტალიდან (my.gov.ge) ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა. ამისათვის უნდა გამოიყენონ განცხადების ჩაბარებისას მათთვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომერი და კოდი.

აბიტურიენტებს ელექტრონული ატესტატით სარგებლობა შეუზღუდავად შეუძლიათ, იმის მიუხედავად, გაიტანენ თუ არა მზა მატერიალურ დოკუმენტს.
| Print |