განათლება
"ეროვნულ გამოცდებს ორ შვილთან ერთად ვაბარებ" - 45 წლის აბიტურიენტი ახალციხიდან
45 წლის ახალციხელი მეგი თათეშვილი 7 შვილის დედა და 2 შვილიშვილის ბებიაა. ეროვნულ გამოცდებზე გასვლა თვითგანვითარების გამო გადაწყვიტა, ოჯახის წევრების სიმრავლის და დაკავებული გრაფიკის მიუხედავად, მოემზადა და პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში უკვე დაწერა.

მრავალშვილიანი დედა საბავშვო ბაღში აღმზრდელის თანაშემწედ მუშაობს და მომავალ პროფესიადაც დაწყებითი განათლება აირჩია. ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გამოცდისთვის მომზადება მარტივი არ ყოფილა ხანგრძლივი პაუზის და შეცვლილი საგამოცდო სისტემის გამო, თუმცა ახლანდელი გამოცდის ფორმატი მისთვის უფრო მოსახერხებელია.

მეგის გარდა ოჯახში კიდევ ორი აპლიკანტია. მისი უფროსი შვილი მაგისტრატურის გამოცდას აბარებს, მეხუთე შვილი კი დედის მსგავსად ბაკალავრიატის მომავალი სტუდენტია.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მესამე დღეა მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით, 45 000-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული.

საქართველოში სულ 24 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. სამცხე-ჯავახეთის საგამოცდო ცენტრი ახალციხის პირველ საჯარო სკოლაშია მოწყობილი.


| Print |