განათლება
გაუქმდება თუ არა სკოლაში საშინაო დავალებები? - განმარტება
[ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებით] არავის არაფერი გაუუქმებია, მეგობრებო! არ ვსხედვართ სამინისტროში ისეთი ხალხი, ვისაც არ გვესმის საშინაო თუ სხვა დავალების მნიშვნელობა, ან მათი შეფასების მექანიზმები. აქ ერთადერთი, რაც მოხდა, მისი სავალდებულოობა გაუქმდა, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ეს არის სიცრუე, რომელიც აზიანებს მნიშვნელოვან რეფორმას.

„ის კითხვები, რომელიც საზოგადოების გარკვეულ წრეში გაჩნდა, რომ, თითქოს, სამინისტრომ შეფასების მექანიზმები გააუქმა, საშინაო დავალებები გააუქმა, ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაციის კამპანიის ის ნაწილი, რომელსაც უნდა მნიშვნელოვანი რეფორმების დაზიანება. არავის არაფერი არ გაუუქმებია, მეგობრებო! არ ვსხედვართ სამინისტროში ისეთი ხალხი, ვისაც არ გვესმის საშინაო თუ სხვა დავალების მნიშვნელობა ან მათი შეფასების მექანიზმები. აქ ერთადერთი, რაც მოხდა, მისი სავალდებულოობა გაუქმდა, რომელიც ნიშნავს, რომ მასწავლებელს, სკოლას, კათედრას თავად აქვს შესაძლებლობა, ამა თუ იმ საგანში, სემესტრის თუ სასწავლო წლის დროს, შეფასების სხვადასხვა მეთოდები გამოიყენოს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ცნობისთვის, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და მოდელები გაუქმდა.
| Print |