განათლება
მასწავლებლების 70%-ს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაეზრდება - მინისტრი
დაახლოებით, 51 ათასი სტატუსიანი მასწავლებელი გვყავს - სტატუსის მიუხედავად, მასწავლებლების 70%-ს, რომლებიც ძირითადად, სრულ განაკვეთზე არიან დასაქმებულები, ხელფასი საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაეზრდება, დანარჩენი 30%-ის ანაზღაურება კი საათების პროპორციულად გაიზრდება,- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, ახალი პოლიტიკა შეეხება მასწავლებლებს და სპეცმასწავლებლებს, რომელთაც კვალიფიკაცია დადასტურებული აქვთ.

„ხელფასების სამართლიანი შემუშავების შემდეგ, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ისეთი სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომელიც უზრუნველყოფს მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას სკოლის ბაზაზე, მათ კარიერული წინსვლის მექანიზმების დახვეწას და ამ პროცესში სასკოლო საზოგადოების როლის გაძლიერებას. დაახლოებით, 51 ათასი სტატუსიანი მასწავლებელი გვყავს და სტატუსის მიუხედავად, მასწავლებლების 70%, რომლებიც ძირითადად, სრულ განაკვეთზე არიან დასაქმებულები, ხელფასი საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაეზრდებათ. დანარჩენ 30%-ის ანაზღაურება საათების პროპორციულად გაიზრდება. არცერთ პედაგოგს, ხაზგასმით ვამბობ, არათუ დააკლდება, არამედ ყველასთვის უზრუნველყოფილი იქნება ხელფასები ზრდა იმაზე მეტად, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო 125-ლარიანი დანამატის სახით. ახალი პოლიტიკა შეეხება მასწავლებლებს და სპეცმასწავლებლებს, რომელთა დადასტურებული აქვთ კვალიფიკაცია“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, 2024 წლიდან სკოლებში ადმინისტრაციას ხელფასები 10%-ით, ხოლო ტექნიკურ პერსონალს 10-იდან, 50%-ამდე მოემატება.

„აუცილებლად უნდა ვახსენო ადმინისტრაციის ხელფასების მატება, ბუნებრივია, 10% იქნება. რაც ასევე ძალიან მტკივნეული, მნიშვნელოვანი საკითხია და წლებია, მოუგვარებელი რჩებოდა. ეს არის ტექნიკური პერსონალი, რომელთა ხელფასების ზრდა 2024 წლიდან 10-იდან 50%-ამდე განხორციელდება. ვინაიდან, ვიცით არიან ადამიანები, რომელთაც ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ და პრაქტიკულად, მათ გაუორმაგდებათ, გაუსამმაგდებათ ხელფასები. ამიტომ, აღნიშნული მატება მნიშვნელოვნად მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს შესაძლოა სანიტარული კუთხით რიგ სკოლებში გვაქვს“,- განაცხადა ამილახვარმა.
| Print |