ჯანდაცვა
ავარიისას დაშავებული შვიდი პირი თბილისში გადაიყვანეს
სოფელ აწყურთან მომხდარი ავარიისას დაშავებული ექვსი წლის ბავშვი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

მას უკვე ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. მკურნალი ექიმის თქმით, პაციენტს ტვინის შერყევა და მრავლობითი მოტეხილობა აქვს.

"სავარაუდოდ, ხვალ კიდევ ერთი ოპერაცია იგეგმება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - გვითხრა იაშვილის კლინიკის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ჩეჩელაშვილმა.

"ევექსის" პრესსამსახურის ცნობით, ერთ-ერთი დაშავებული, ლავიწის და სახის ძვლის მრავლობითი მოტეხილობებით თბილისში, ევექსის ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მისი ოპერაცია დღეს, 11 ნოემბერს არის ჩანიშნული.

ახალციხის კლინიკებიდან თბილისში, გვიან ღამით სულ შვიდი დაშავებული თავის ქალისა და პოლიტრავმებით, კატასტროფის ჯგუფებმა გადაიყვანეს.

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ამჟამად მკურნალობას ერთი პაციენტი, 6 წლის ბავშვის დედა აგრძელებს, ორი კი უკვე გაწერეს.

ავარია ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურთან 10 ნოემბერს, 19:07 საათზე მოხდა. ერთმანეთს „მერსედესის“ მარკის მიკოროავტობუსი და „შკოდას“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი, ახალციხის მკვიდრი 50 წლამდე მამაკაცი მ.თ. გარდაიცვალა, ათი კი დაშვდა.
| Print |