ჯანდაცვა
აბასთუმანში ტუბსაავადმყოფო დაიხურა
აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს 25-ვე პაციენტი ტოვებს. ნაწილი თბილისში, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში აგრძელებს სტაციონარულ მკურნალობას, ვისაც დაავადების მსუბუქი ფორმა ჰქონდა, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მკურნალობის ამბულატორიულ რეჟიმზე გადავიდა.

ამიერიდან აბასთუმანში ტუბერკულოზის დიაგნოზის მქონე პირებს ვეღარ მიიღებენ. ტუბსაავადმყოფოს მედპერსონალი ახალაშენებულ, მრავალპროფილურ სარეაბილიტაციო ცენტრში გადადის, სადაც მხოლოდ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს მიიღებენ. რევაზ ჟღენტის თქმით, დაწესებულებას მათი რეაბილიტაციის ფუნქცია ექნება. დააფინანსებს თუ არა სახელმწიფო მოქალაქეების რეაბილიტაციის პროცესს - ჯერ არ გადაწყვეტილა.

დაბა აბასთუმნის შესასვლელში 100 საწოლზე გათვლილი შენობის მშენებლობა სრულდება. რევაზ ჟღენტი ვარაუდობს, რომ ახალ მისამართზე ინვენტარს აპრილის ბოლოს გადაიტანენ.

აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოში მსუბუქი და მძიმე პაციენტების მკურნალობა ხდებოდა. აქ ზაფხულში 70-მდე ბენეფიციარი ჰყავდათ, ზამთრის სეზონზე შედარებით ნაკლები.

„მეცხრე არხის“ ინფორმაციით, ტუბსაავადმყოფოს ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილი სასტუმროს აშენებას გეგმავს.
| Print |