ჯანდაცვა
აბასთუმანი ტუბერკულოზის დიაგნოზის მქონე პაციენტების გარეშე
დაახლოებით, ორ კვირაში ფიჭვის ყვავილობა დაიწყება. აბასთუმანში ადგილობრივები დამსვენებლების მისაღებად ემზადებიან. მოსახლეობის უმეტესობის ერთადერთი შემოსავალი, ბინის გაქირავებით მიღებული თანხაა. კურორტზე უჩნდებათ კითხვა - სად წავლენ ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტები ტუბსაავადმყოფოს დახურვის შემდეგ.

გიორგი (სახელი შეცვლილია) ფილტვის ტუბერკულოზის მკურნალობის კურსს მეორედ გადის. რამდენიმე წლის წინ სრულად გამოჯანმრთელებულს, ტუბერკულოზის დიაგნოზი ხელახლა დაუსვეს.

„ხდება ასეც, რომ გამოჯანმრთელდი, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ისევ პლიუსიანი ხარ, ანუ დაავადების ჩხირი ცოცხლობს შენში და თან ისეთი ფორმაა, რომ გარშემომყოფებს გადასდებ. ახლა უკეთესი მდგომარეობა მაქვს“.

50 წლამდე ასაკის მამაკაცი აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოში მკურნალობის ორივე კურსის დროს ჩამოდიოდა. ამბობს, რომ კურორტზე თავს კარგად გრძნობს, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა თბილისში სუნთქვა უჭირს.

ტუბსაავადმყოფოს დახურვის ამბავი იმ მეგობრებმა შეატყობინეს, რომლებიც მკურნალობის დროს, ამავე დაწესებულებაში გაიცნო. ამბობს, რომ ამის მიუხედავად კურორტს აგვისტოში მაინც ეწვევა.

„შესაძლოა ახალაშენებულ სარეაბილიტაციო ცენტრში არ მიმიღონ, მაგრამ აბასთუმანში ზაფხულში მაინც ჩავალ. ამჯერად მომიწევს ჩემს ბიუჯეტში გავითვალისწინო ბინის ქირის და კვების თანხა. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშიში არ არის, მაგრამ მაინც მაქსიმალურად მოვერიდები მოსახლეობას“, - ამბობს გიორგი.

აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს 25-ვე პაციენტმა დაწესებულება მარტის ბოლოს დატოვა. მათი ნაწილი თბილისში, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს, ნაწილი კი სახლში გაუშვეს. ისინი მკურნალობას ამბულატორიულად გადიან.


ტუბსაავადმყოფოს ყოფილი შენობა

ამიერიდან აბასთუმანში ტუბერკულოზის დიაგნოზის მქონე პირებს ვეღარ მიიღებენ. ტუბსაავადმყოფოს მედპერსონალი ახალაშენებულ, მრავალპროფილურ სარეაბილიტაციო ცენტრში აპრილის ბოლოს გადადის, სადაც მხოლოდ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს მიიღებენ. ტუბსაავადმყოფოს დირექტორის რევაზ ჟღენტის თქმით, 100-საწოლიან, ფილტვის სხვადასხვა პათოლოგიაზე გათვლილ ცენტრს, მხოლოდ რეაბილიტაციის ფუნქცია ექნება.

"ვიწრო და ახალი სპეციალობები გვემატება. იმდენად მრავალფეროვნდება ჩვენი სერვისი, რომ დაგვჭირდება ახალი კადრების მოძიება, რაც შეიძლება გაგვიჭირდეს კიდეც. ამ პროფილის ცენტრი პირველი იქნება ამიერკავკასიაში. აქამდე მთავრდებოდა მკურნალობა და მერე არაფერი არ ხდებოდა. ჩვენდა სამწუხაროდ, ქართულ მედიცინაში არ არსებობდა არც დარგი და არც მიმართულება. ამ მხრივ რამდენიმე ათეული წლით ვართ ჩამორჩენილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს", - ამბობს რევაზ ჟღენტი.

აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოში მსუბუქი და მძიმე პაციენტების მკურნალობა ხდებოდა. აქ ზაფხულში 70-მდე ბენეფიციარი ჰყავდათ, ზამთრის სეზონზე შედარებით ნაკლები.

დასახლებაში ტუბსაავადმყოფოს დახურვაზე ღიად საუბარს ერიდებიან. ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო, "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან კი "ვალში არიან".

„სამდურავს ნუ მათქმევინებ იმ კაცზე (ბიძინა ივანიშვილზე). მთელი ზამთარი მაგის ნაჩუქარი კარმით ვთბები და ახლა უხერხული არ იქნება საქციელი რომ დავუწუნო? ვიქნები ჩუმად მაგ საკითხზე. რა მნიშვნელობა აქვს მე რას ვფიქრობ“, - გვეუბნება შუა ხნის ქალი და გვთხოვს მისი ვინაობა არ დავასახელოთ.

მოსახლეობის მოლოდინი განსხვავებულია. ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ ტუბსაავადმყოფოს დახურვით კურორტი უფრო უსაფრთხო გახდა, ნაწილი კი შიშობს, რომ ტუბერკულოზის დიაგნოზის მქონე პაციენტები აბასთუმანში კერძო სახლებში დაისვენებენ. 

მე ვხვდები ერთს, რომ მეტნაკლებად შეძლებული პაციენტები ისე ჩამოვლენ აბასთუმანში ბინებში ქირით და მერე მოხდება საშინელება“;

„რაღაც არასწორია პირდაპირ რეაბილიტაცია. ჯერ მკურნალობა უნდა იყოს“; 

"მადლობა ვთქვათ აბასთუმნელებო, რომ ავარიული შენობა მოგვაშორეს";


„დამსვენებლებს ეშინოდათ დაავადების მატარებლების და ხშირად ამის გამო არ მოდიოდნენ. მგონია, რომ კარგია ტუბსაავადმყოფოს დაკეტვა. ახლა უფრო მეტი დამსვენებელი ჩამოვა“.

„ვინც აქ არ ცხოვრობს და აქირავბს ბინას, იმას არ აინტერესებს ვინ იცხოვრებს მის სახლში. მაგრამ ჩვენ რა ვქნათ? აქამდე ვიცოდით, რომ პაციენტები ერთ შენობაში მაინც იყვნენ, ახლა გაიშლებიან მოსახლეობაში“ - შიშობენ აბასთუმანში.

ადგილობრივებს რევაზ ჟღენტი ამშვიდებს. მისი თქმით, პაციენტი რომელსაც ინფექციის გადამდები ფორმა აქვს, კურორტზე ვერ ჩამოვა, რადგან ან სტაციონარში მკურნალობს ან მედიკამენტების მისაღებად ამბულატორიაში დადის.

"ეს საკითხი მთელ საქართველოში მკაცრად რეგლამენტირებულია. მართვა სპონტანურად არ ხდება, ვის სად უნდა წასვლა. ყველა ავადმყოფის პერსონალური მონაცემები ყოველ კვირას განიხილება. პაციენტი მიმაგრებული იქნება ამბულატორიაზე, სადაც უნდა მიიღოს წამლები. მათ ჩამოსვლა არ შეეძლებათ, სხვაგვარად მედიკამენტებს ვერ მიიღებენ".


რევაზ ჟღენტი

ტუბსაავადმყოფოს ყოფილ პაციენტებს კიდევ ერთი საკითხი აწუხებთ. ჯერ არ გარკვეულა, სარეაბილიტაციო ცენტრით სარგებლობა უფასო იქნება თუ ფასიანი. ტუბსაავადმყოფო სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობდა, რომელიც აქტიური ტუბერკულოზის მკურნალობას მოიცავდა. ახალი ცენტრი კი მკურნალობის შემდგომ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ამიტომ ცენტრის მუშაობის პირობები არც ხელმძღვანელიბამ იცის. ჩვენი რესპონდენტი გიორგი გვეუბნება, რომ მისი ინფორმაციით, რეაბილიტაციის ერთი დღე 80 ლარი ეღირება.
| Print |