“ვიცრებით ერთმანეთისთვის”- სამცხე-ჯავახეთში საყოველთაო ვაქცინაციის კამპანია დაიწყო
სამცხე-ჯავახეთში საყოველთაო ვაქცინაციის კამპანია “ვიცრებით ერთმანეთისთვის” დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში, ნინოწმინდისა და ახალქალაქის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრები იმართება. ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ადგილობრივებს ვაქცინაციის მნიშვნელობის და საჭიროების, ვაქცინების უსაფრთხოების და კოვიდ 19-ით გამოწვეული საფრთხეების შესახებ ესაუბრებიან. პირველი შეხვედრა ნინოწმინდის სოფელში - ჯიგრაშენში გაიმართა.
კამპანიის სამიზნე აუდიტორიას რისკ-ჯგუფის მქონე, 60 წელს გადაცილებული პირები წარმოადგენენ. იმუნიზაციით დაინტერესებულ მონაწილეებს საშუალება აქვთ ადგილზე აიცრან ფაიზერით, სინოვაკით და სინოფარმით.
საინფორმაციო კამპანიას საერთაშორისო დონორებიც შეუერთდნენ. სამცხე-ჯავახეთის ათ სოფელში შეხვედრები მსოფლიო ბანკისა და USAID-ის მხარდაჭერით იმართება. ვაქცინაციის კამპანია “მოდი, ავიცრათ ერთმანეთისთვის” მოიცავს ყველა რეგიონს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში ძალიან დაბალია ვაქცინაციის ტემპი. დღეში საშუალოდ, 100 პირი იცრება, სულ 40 000 აცრაა ჩატარებული, რაც, ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, ძალიან ცოტაა იმ რეგიონისთვის, სადაც 160 000 ადამიანი ცხოვრობს.
სოფელ ჯიგრაშენის გარდა, საინფორმაციო შეხვედრები ახალქალაქის და ნინოწმინდის სოფლებში: დიდი გონდურა, ეშტია, გორელოვკა, ხანჩალი, ოკამი, გოგაშენი, არაგვა, ტურცხა და ბარალეთშიც გაიმართება.