ჯანდაცვა
ბორჯომის სამედიცინო ცენტრს ახლი ხელმძღვანელი ჰყავს
"ჯეო ჰოსპიტალსის" ბორჯომის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე ირაკლი დიასამიძე, დავით ბარაბაძემ ჩაანაცვლა.

ბარაბაძე პროფესიით ექიმი ნევროლოგია. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. წლების განმავლობაში, ჯერ საკუთარი პროფესიით მუშაობდა თბილისში, შემდეგ კი ადმინისტრაციულ ნაწილში ხარისხის მართვის საკითხი ჩაიბარა. სანამ ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადმოინაცვლებდა, თბილისში "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკური მენეჯერი იყო. ახლად დანიშნული ხელმძღვანელი ამბობს, რომ საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს.

"კლინიკა მორგებულია რეგიონის საჭიროებებზე. რომ არა ბატონ ირაკლის დამოკიდებულება საქმისადმი და ასეთი აწყობილი კლინიკა, მე ალბათ ვერ შევძლებდი რომ აქ რაიმე ახალი სერვისი განმევითარებინა", - აღნიშნავს დავით ბარაბაძე.

ახალი ხელმძღვანელი პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის გაძლიერებას გეგმავს. მისი თქმით, იწყება პროექტი სახელწოდებით "ადვილი მედიცინა, რაც გულისხმობს ყველანაირი ბარიერის მოხსნას ექიმსა და პაციენტს შორის, მათთვის გასაგებ ენაზე მიწოდებულ სამედიცინო ტერმინებს, სამედიცინო მდგომარეობებს და სხვა.

ყოფილი დირექტორი ირაკლი დიასამიძე, "ჯეო ჰოსპიტალსის" ბორჯომის სამედიცინო ცენტრში ადმინისტრაციული ხელმძღვანელის პოზიციაზე რჩება. თუმცა, სამომავლოდ სხვა მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას, არ გამორიცხავს.

"ჩემი პირადი სურვილიც იყო და ამავდროულად, მათთან შევთანხმდით ამ პოზიციაზე. დავთმე ერთი და შევინარჩუნე მეორე პოზიცია, რომელიც უფრო მეტ თავისუფალ დროს მომცემს, რომ ჩემი პირადი ცხოვრება სხვანაირად მივმართო", - აცხადებს "ჯეო ჰოსპიტალსის" ყოფილი დირექტორი.

ირაკლი დიასამიძე ბორჯომის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრს 11 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ტელეკომპანია "ბორჯომი"
| Print |