ჯანდაცვა
საქართველოში COVID-19-ის ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია გრძელდება
თენგიზ ცერცვაძე მსოფლიოსა და საქართველოში COVID-19 თან დაკავშირებით არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას და შესაბამის მონაცემებს აქვეყნებს.

ცერცვაძის თქმით, საქართველოში გრძელდება COVID-19-ის ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია. ბოლო ერთი კვირის მანძილზე გამოვლინდა 12 535 ახალი შემთხვევა.

მისივე განცხადებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - საქართველოში უკვე მეხუთე თვეა ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე.

“ბოლო ერთი კვირის მანძილზე მსოფლიოში COVID-19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით ისეთივე იყო, როგორც წინა კვირეებში, კერძოდ: დღეში საშუალოდ ფიქსირდებოდა 1 მილიონამდე COVID ახალი შემთხვევა და 2000-ზე მეტი გარდაცვალება, რაც პანდემიის პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ სრული ვაქცინაციის და ომიკრონის შტამებით გამოწვეული დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის გათვალისწინებით ცოტა მაინც არ არის.

საქართველოში გრძელდება COVID-19-ის ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია. ბოლო ერთი კვირის მანძილზე გამოვლინდა 12 535 ახალი შემთხვევა. წინა კვირას იყო 12 338 ახალი შემთხვევა, ხოლო იმის წინ - 12 729 ახალი შემთხვევა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - საქართველოში უკვე მეხუთე თვეა ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე. კერძოდ ბოლო კვირაში (და არა ერთ დღეში) იყო გარდაცვალების მხოლოდ 6 შემთხვევა, წინა კვირაშიც იყო ასევე 6 შემთხვევა, ხოლო იმის წინა კვირაში - 8 შემთხვევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი 2000-მდე COVID-19-ით ავადმყოფისგან საშუალოდ მხოლოდ ერთი ავადმყოფის (0.05%) გადარჩენა ვერ ხერხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სადღეისოდ COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი მხოლოდ ცოტათი აღემატება გრიპის ეპიდემიების დროს გარდაცვალების მაჩვენებელს. შესაბამისად, თუ COVID ერთხანს შენარჩუნდება, როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია, ჩვენ უნდა ვისწავლოთ მასთან თანაცხოვრება და სწორი ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მართვით შევინარჩუნოთ გარდაცვალების შემთხვევები დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე და ამით თავიდან ავიცილოთ COVID-19-ის ნეგატიური გავლენა ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე."
- აღნიშნა ცერცვაძემ.

| Print |