ჯანდაცვა
რამდენი ლარით გაეზრდებათ სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს ხელფასი
სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ხელფასების ზრდა 2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია, თუმცა ეს 100%-იანი ზრდა არ იქნება - ვთვლით, რომ ხელფასის 100%-იან მომატებასთან დაკავშირებით მოთხოვნა არარელევანტურია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებისთვის ხელფასის 100%-იანი ზრდა საკმაოდ სოლიდური მატებაა, რაც სამინისტროსთვის შეუსაბამოა.

„ის მოთხოვნები, რაც მათ ხელფასის 100%-იან მომატებასთან დაკავშირებით გააჩნიათ, ვთვლით, რომ არ არის რელევანტური, რადგანაც 100%-იანი მატება საკმაოდ სოლიდური მატებაა, რომელიც, ასე ვთქვათ, ვთვლით, რომ ჩვენთვის შეუსაბამოა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ აგვისტოში, თურქეთიდან მედიკამენტების რეკორდული მოცულობის იმპორტი განხორციელდა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე დაახლოებით, 200-ზე მეტი სახეობის მედიკამენტი არის იმპორტირებული.

„როდესაც თურქეთის ბაზარი გაიხსნა თავდაპირველად, შედარებით უფრო ნაკლები რაოდენობით მედიკამენტი შემოდიოდა, რადგან ლოჯისტიკის ასაწყობად ფარმაცევტულ კომპანიებს დრო სჭირდებოდათ. ეტაპობრივად მოცულობა იზრდება და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს, არის ის, რომ აგვისტოში რეკორდული იმპორტის მოცულობა დაფიქსირდა. წინა თვეებთან შედარებით ფაქტობრივად, გაორმაგებული იყო. ქართული ფარმაცევტული კომპანია უკვე ალღოს უღებს, თურქეთთან ლოჯისტიკურ ურთიერთობებს ალაგებს და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მომავალში თურქული მედიკამენტების იმპორტი უფრო და უფრო გაფართოვდება“, - აღნიშნა ილია ღუდუშაურმა.

ილია ღუდუშაურის თქმით, 2023 წლის იანვრიდან, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებზე ზედა ზღვარი დაწესდება.

„ამ ეტაპზე უკვე შედგენილი გვაქვს ის მოდელი, რომელი მოდელითაც მაქსიმალური ფასები დაითვლება. ჩვენ საკანონმდებლო ცვლილებას ვამზადებთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს საშუალება მიეცეს, რომ განსაზღვროს ჭერები. პრინციპში ჩვენმა ექსპერტებმა სამუშაოები დაასრულეს და ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე პილოტურად ყველაზე რელევანტური იქნება, თუ ეს პროგრამა ისეთ მედიკამენტზე განხორციელდება, რომელიც არის ყველაზე მაღალფასიანი და ყველაზე ხშირად მოხმარებადი. ყველაზე ხშირად მოხმარებადი ქრონიკული მედიკამენტებია და ყველაზე მაღალფასიანი და მოწყვლადი ჯგუფებისთვის განკუთვნილი არის ონკოლოგიური მედიკამენტები“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
| Print |