ჯანდაცვა
რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ სტომატოლოგიურ კლინიკებს იანვრიდან
2024 წლის 1-ლი იანვრიდან სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი სტანდარტები ამოქმედდება. ამის შესახებ გასულ კვირას გახდა ცნობილი.

საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა თუ რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ კლინიკებს.

მათ შორის, მთავრობის დადგენილებით, სტომატოლოგიური კაბინეტისათვის ფართობი უნდა შეადგენდეს ძირითად სტომატოლოგიურ სავარძელზე − არანაკლებ 12 ​​​კვ.მ.-ს და ყოველ დამატებით სავარძელზე − არანაკლებ 6 ​​კვ.მ.-ს; სტომატოლოგიურ სავარძლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 2 მ-იანი დაშორება ან სავარძლებს შორის სივრცეები გამიჯნული უნდა იყოს სტაციონარული ტიხრით (სიმაღლით − არანაკლებ 1,8 მ-ისა).

ამასთან, დადგენილების თანახმად, სტომატოლოგიური საქმიანობის განმახორციელებელ პირს უნდა ჰქონდეს სერვისის მიწოდებისთვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (იდს) მარაგი. კერძოდ, სავალდებულო მარაგის რაოდენობა 1 სავარძელზე გადაანგარიშებით ასეთია:

  • ქირურგიული ნიღაბი − არანაკლებ 100-ისა;
  • რესპირატორი − არანაკლებ 20 ც-ისა;
  • ერთჯერადი ხალათი − არანაკლებ 20 ც-ისა;
  • ერთჯერადი ხელთათმანი − არანაკლებ 100 ცალისა;
  • მრავალჯერადი სახის ფარი/ინდივიდუალური დაცვის სათვალე − არანაკლებ 4 ცალისა ან ერთჯერადი სახის ფარი/ინდივიდუალური დაცვის სათვალე − არანაკლებ 10 ცალისა.

მთავრობის დადგენილებით, სტომატოლოგიურ კლინიკას უნდა ჰყავდეს ინფექციების კონტროლზე, ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების სტერილიზაციაზე/დეზინფექციასა და ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პირი; ასევე სტომატოლოგიურ დაწესებულებაში დასაქმებულ პერსონალს − ექიმს/ასისტენტს/ექთანს, ასევე სტერილიზაციასა და დეზინფექციაზე, სამედიცინო ნარჩენების შეგროვებაზე/შეკრებაზე/გატანაზე დასაქმებულ პერსონალს ჩატარებული უნდა ჰქონდეთ პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პერიოდულობით, ასევე პერსონალს 6 თვეში ერთხელ უნდა ჩაუტარდეს სკრინინგი C ჰეპატიტზე.
| Print |