ჯანდაცვა
თურქეთში წამლები ძვირდება - როგორ იმოქმედებს ეს ქართულ ბაზარზე
თურქეთიდან შემოტანილ წამლებზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად უნდა შევამციროთ - აცხადებს მედიასთან საუბრისას ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი. ირაკლი მარგველაშვილი და ამით თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის იმ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 2023 წლის 25 დეკემბრიდან ქვეყანაში წამლებზე ფასი იზრდება.

ირაკლი მარგველაშვილის თქმით, ჩვენ ვსარგებლობთ იმით, რომ თურქეთში არის დაბალი ფასები, მაგრამ მეთოდურად უნდა გავაკეთოთ ის, რომ ჩვენმა ფასთა სისტემამ ანალოგიურ ფასებს მიაღწიოს.

„რამდენად იმოქმედებს ეს ყველაფერი იმ მედიკამენტებზე, რომლებიც ახლა თურქეთიდან შემოდის, ძნელი სათქმელია, რადგან ბევრი კომპონენტია გასათვალისწინებელი: რა მოცულობით შემოდის კონკრეტული მედიკამენტი საქართველოში, რომელ წამალზე იმოქმედა კურსის ცვალებადობამ და ა.შ. ნებისმიერი მსგავსი ცვლილება იმის მაჩვენებელია, რომ თურქეთიდან შემოტანილ წამლებზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად უნდა შევამციროთ“, - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში მედიკამენტებზე ფასი 25 დეკემბრიდან, 25%-ით გაიზრდება. აღნიშნული ბრძანება ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, 2023 წლის 15 დეკემბერს გასცა.

აღსანიშნავია, რომ თურქეთი საქართველოში მედიკამენტების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორია. 2023 წლის 11 თვის მონაცემებით, თურქეთზე სამკურნალო საშუალებების იმპორტის 27% მოდის.

ამასთან, წინა წელთან შედარებით გაზრდილია იმპორტის მაჩვენებელიც. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში თურქეთიდან 65,151 მლნ დოლარის მედიკამენტები შემოვიდა, 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი 109%-ით, 136,288 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
| Print |