კულტურა
ახალციხეში საუკუნის სინაგოგა ინგრევა
ახალციხის ისტორიულ უბანში 1902 წელს აგებული ებრაული თემის სალოცავი ინგრევა. შენობას არ აქვს სახურავი, ფანჯრები და იატაკი.

სალოცავი ახლა უმოქმედოა. წარსულში აქ კინოჩვენებები იმართებოდა, წლების წინ ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი, საბილიარდო და კრივის დარბაზი ფუნქციონირებდა.

„სახურავი ახდილია, წვიმა ჩამოდის. სულ ღიაა, ფანჯრები და იატაკი არ აქვს. ასე თუ გაგრძელდა, 1-2 წელიწადში დაინგრევა. გარემონტებაზე არავინ არაფერს ამბობს. ჩვენ სახსრები არ გვაქვს და მთავრობაც არ აკეთებს“, -ამბობს ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარე, ახალციხეში სიმონ ლევიშვილი.

ძეგლს უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ახალციხის სინაგოგის რეაბილიტაცია ჯერ არ იგეგმება.

„საქართველოში სინაგოგები მეტნაკლებად დაცული, მოწესრიგებული გვაქვს. უნდა აღინიშნოს ებრაული თემის დიდი ინიციატივა და მონდომება, რომ უძრავი ძეგლები იყოს რეაბილიტირებული. მათი თანამონაწილეობა ძალიან დიდია, მაგრამ ახალციხის სინაგოგა მიმდინარე წლის პრიორიტეტულ პროექტებში არ არის“, - გვითხრეს სააგენტოში.
| Print |