კულტურა
ვარძიასა და ვანის ქვაბებში საერთაშორისო ექსპერტები 10 წლით იმუშავებენ
საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების კვლევა-რეაბილიტაცია იწყება. 10 წლის მანძილზე, „კლდის ძეგლებს“ - ვარძიას, ვანის ქვაბებს, უფლისციხესა და დავით გარეჯს შეისწავლიან და რეაბილიტაციას ჩაუტარებენ.

პროექტის პირველ წელს განსაზღვრულია მულტიდისციპლინარული კვლევების საფუძველზე „კლდის ძეგლების“ კვლევითი სამუშაოების მომზადება, რაც ითვალისწინებს: სამეცნიერო-საძიებო, პრაქტიკულ სამუშაოებს, რომელთა მიზანია ძეგლთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება, მათ შორის, მისი მდგომარეობის, დაზიანებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა, სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ რეკომენდაციების შემუშავება. აღნიშნული დოკუმენტის შემუშავების შემდგომ, დადგინდება ძეგლებზე ჩასატარებელი სამუშაოები, რის შემდეგაც რეაბილიტაცია დაიწყება.

„კლდის ძეგლები“ სახელმწიფოს მიერ წარდგენილია მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაში.

„სათანადო კეთილმოწყობისა და დოკუმენტირებულად მომზადების შემთხვევაში „კლდის ძეგლებს“ ნამდვილად გააჩნიათ უდიდესი პოტენციალი მომავალ წლებში თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავონ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში“, - წერია ნიკოლოზ ანთიძის წერილში, რომელსაც ის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უგზავნის.

გამოქვაბულების კომპლექსი ვანის ქვაბები ქართული ქრისტიანული არქიტექტურის გამორჩეული ძეგლია. უდაბნო-მონასტერი VIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა ვანის ქვაბების მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი.

თუმცა, ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, „ძეგლის მდგომარეობა რადიკალურად გაუარესდა, რაც უნდა უკავშირედებოდეს, როგორც კლიმატურ ცვლილებებს, ასევე მის სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობას. შესაბამისად, ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის მოვლა-პატრონობის, ასევე ვიზიტორების უსაფროების გათვალისწინებით, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით უზრუნველყოფილი იქნება ძეგლის დაზიანებისა და განადგურებისაგან დაცვა და ძეგლის ისტორიულ-კულტურული ღირებულების შენარჩუნება“.
| Print |