კულტურა
15 ივლისს, Art-გენზე ანსამბლები ახალციხიდან წარსდგებიან
15 ივლისიდან რეგიონული განვითარებისა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელოვანი ფესტივალი Art-გენი იწყება, რომელიც პირველ დღეს ანსამბლებს სამცხე-ჯავახეთიდან უმასპინძლებს. ფესტივალში მონაწილეობენ: ფოლკლორული ანსამბლი "მესხეთი" და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი "ახალციხე."

"ჩვენ რამდენიმე მესხურ სიმღერას შევასრულებთ. როგორც წესი, ყოველწლიურად ჩვენ ასეთი დრო გვეთმობა ხოლმე და სპეციალურად წერია პროგრამაში ფოლკლორული ანსამბლი მესხეთი რამდენიმე მესხური სიმღერით," - განმარტავს "მესხეთის"ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი.

წელს მაყურებელი Art-გენზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ "ახალციხესა" და ფოლკლორულ ანსამბლ "მესხეთის" ერთობლივ ნომერსაც იხილავს.

"Art-გენზე "მესხური ფერხულით" მივდივართ. ეს ცეკვა სიმღერის თანხლებით სრულდება. სიმღერას ანსამბლი "მესხეთი" შეასრულებს, ხოლო ჩვენ ვიცეკვებთ. კონცერტი საღამოს გაიმართება" - ამბობს ანსამბლ "ახალციხეს" ქორეოგრაფი ქრისტინე მენაბდიშვილი.

Art-გენი 24 ივლისამდე, ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ანსამბლებს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში უმასპინძლებს.

| Print |