კულტურა
ოქროს ციხე ბევრს უნახავს, მაგრამ შესწავლილი ძალიან ცუდად აქვთ - გიორგი ბერიძე
ოქროს ციხე ადიგენის მუნიციპალიტეტის მშვენებაა. ციხესიმაგრე სოფელ ბოლაჯურის მახლობლად, უზარმაზარ კლდოვან მასივზე დგას და ძნელად მისადგომია. ძეგლი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხეთაგანია საქართველოში.

ციხის გეგმა რთულია. დონე ყოველ ნაბიჯზე იცვლება. კედლები კლდეებთანაა შეზრდილი, მათი საძირკვლის ხაზი აღმა-დაღმა მისდევს კლდეებს.

ოქროს ციხე ჯაყელთა ერთ-ერთი უმთავრესი სიმაგრეთაგანი იყო და იგი სხვა ციხეებთან ერთად დამცველ სიმაგრეთა მთელ სისტემას ქმნიდა ათაბაგთა სამფლობელოს შუაგულის გარშემო. ციხის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ იგი აგებულია XIII საუკუნის დასასრულს ან XIV საუკუნის დასაწყისში

ოქროს ციხე ხშირად იხსენიება ე. წ. მესხური დავითნის ქრონიკაში (XVI ს.), რომელშიც სამცხის სამთავროს არსებობის ბოლო ხანების ამბებია მოთხრობილი. 1578 წელს, თურქი სარდლის ლალა-ფაშას შემოჭრის დროს, ოქროს ციხეში იყო გამაგრებული ქაიხოსრო ათაბაგის მეუღლე დედისიმედი, რომელიც ამაოდ ცდილობდა სამცხის გადარჩენას დამპყრობელთაგან.

ისტორიული მნიშვნელობის ძეგლს დღეს სათანადო ყურადღება არ ექცევა. ტურისტული გიდის გიორგი ბერიძის თქმით, ძეგლი უნიკალურია, რადგან აქ სამხედრო ფორთფიკაციის ყველა ელემენტია მოცემული. მისი აზრით, ოქროს ციხეს სამხედრო ისტორიული ტურიზმის თვალსაზრისით უდიდესი პოტენციალი აქვს.

| Print |