კულტურა
ახალციხის ციხეს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

რაბათში, ახალციხის ციხის ხელმძღვანელად მერიის კულტურის სამსახურის უფროსი დაინიშნა. ზაზა თამარაშვილი ერთხელ უკვე ხელმძღანელობდა ციხეს. მას აღნიშნული პოზიცია 2016 წლის აგვისტოდან 2018 წლის თებერვლამდე ეკავა.

ზაზა თამარაშვილი დირექტორის პოსტზე ხელახლა მას შემდეგ წარადგინეს, რაც გიორგი ნათენაძემ საქმიანობის გაგრძელება ბიზნესის მიმართულებით გადაწყვიტა. ნათენაძე ციხეს 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის ოქტომბრამდე ხელმძღვანელობდა. 
რა იქნება ციხის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, როგორ გააგრძელებს კომპლექსი მუშაობას და შეიცვლება თუ არა განვითარების გეგმები, ამის შესახებ ზაზა თამარაშვილი დეტალურად არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ კითხვებს პასუხი საქმით გაეცემა.

ზაზა თამარაშვილს, როგორც საჯარო სექტორში, ისე კულტურის, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. არის რესპუბლიკური და საერთაშორისო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი ფოლკლორის მიმართულებით.

1996-2014 წლებში იყო სსიპ ქალაქ ახალციხის №6 საჯარო სკოლის დირექტორი,

2014-2016 წლებში ქალაქ ახალციხის მერის პირველი მოადგილე,

2016-2018 წლებში ა(ა)იპ „ახალციხის ციხის“ დირექტორი,

2018 წლიდან დღემდე კი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურს ხელმძღვანელობდა.
| Print |