მედია
,,ჟურნალისტი გამოძახებით" – რომელი ჟურნალისტები მივლენ ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუზე?
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს მედიის კითხვებს უპასუხებს.

ბიძინა ივანიშვილი 23 ოქტომბერს, 22.00 საათზე ინტერვიუს სამი არხის - „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „ტვ პირველის“ პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს მისცემს.

„ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც გეგმავს“, - აცხადებენ პარტიაში.

ივანიშვილმა ინტერვიუზე მხოლოდ სამი ჟურნალისტი, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-დან გიორგი გაბუნია, „TV პირველიდან“ ინგა გრიგოლია და „TV იმედიდან“ ირაკლი ჩიხლაძე მიიწვია.

ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუზე გადაცემა "არჩევანის" წამყვან გიორგი გაბუნიას გარდა, ვერ მივა ჟურნალისტი ინგა გრიგოლიაც.

"ძალიან ბევრი საინტერესო შეკითხვაა, რომელზეც მაინტერესებს ბიძინა ივანიშვილის პასუხი, მაგრამ მაქვს გადაცემა, ისე მოხდა, რომ ხვალ, რვა საათზე მეწყება რეაქცია და როცა უნდა დაიწყოს ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, ათ საათზე, მე მაგ დროს უნდა ვთქვა "ნახვამდის. მე მაქვს ჩემი ვალდებულება გადაცემის გაყვანის ეთერში მაქვს ჩემი სარეკლამო ვალდებულებები და გამორიცხულია, რომ დაგეგმილი ინტერვიუს გამო ისე გავაკეთო, რომ ეთერი ჩავაგდო,“ - ამბობს ინგა გრიგოლია.

ტელეკომპანია "კავკასიას" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილს ამ გადაცემასთან დაკავშირებით თავის გათვლა აქვს და ის სხვა არხების დაკნინებას ცდილობს.

„როცა სამ არხს შეტყობინების სახით უგზავნი, რომ ამა და ამ დროს შენ მათ იბარებ გადაცემაზე, პრესკონფერენციაც არ არის ხო? და უთითებ, რომელი ჟურნალისტი გინდა მაინცდამაინც - ეს არის ჟურნალისტი გამოძახებით. ბატონმა ივანიშვილმა ეტყობა არ იცის, რომ დემოკრატიისთვის შეუთავსებელია ეგეთი გაგება, როგორიცაა ჟურნალისტი გამოძახებით. საზოგადოებრივ მაუწყებელსაც კი მისცემდა ექსკლუზიურად ინტერვიუს მაგრამ მაკა ცინცაძესთან მის ინტერვიუს 3% თუ 4% ჰქონდა რეიტინგი და ეს ძალიან პატარა წვდომაა და არ აწყობს. ახლა გადაწყვიტა რომ თან მაქსიმალური წვდომა მიიღოს მოსახლეობაზე, იქით ვალი დაგადოთ თქვენ და ჩვენ დაგვაკნინოს. აქ გათვლა ის არის, რომ ჩვენ ავტომატურად ავყვებით ფეხის ხმას, ახლა ყველა არხზე რომ, ივანიშვილის ლეგენდარული გადაცემა იქნება ჩვენც ხო ავტომატურად ჩავრთავთ. ასეთი ჟესტი, მოწყალება გაიღეს რომ ნება მოგვცეს ჩავრთოთ ეს გადაცემა"-ამბობს ჯანგირაშვილი.
| Print |