მედია
„ხალხის ძალა“ ამზადებს კანონპროექტებს „მედიაში სიცრუის გავრცელების“ და „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ
"ქართული ოცნებიდან" გასულ დეპუტატთა მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ "უცხოური გავლენების აგენტების რეესტრის შექმნისა და მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციის შესახებ" კანონპროექტს ამზადებს.

ამის შესახებ განცხადება დღევანდელ ბრიფინგზე "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

"ხალხის ძალა" იანვარში დააინიცირებს კანონპროექტს, რომელიც არსებითად ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება. კანონპროექტში აგრეთვე აისახება რამდენიმე სხვა დემოკრატიული ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა აღნიშნულ სფეროში. ჩვენ მიერ შემოთავაზებული კანონით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, რომელში რეგისტრაციაც სავალდებულო იქნება ყველა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და საქართველოში საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაზე ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოპოვებას ისახავენ მიზნად. შემოღებული იქნება "უცხოური გავლენის აგენტის" ცნება და შესაბამის სუბიექტებს საკუთარი ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების სრულად დეკლარირების ვალდებულება დაეკისრებათ", – გააცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე ასრულებენ მუშაობას კანონპროექტზე, რომელიც მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციას ითვალისწინებს.

მაჭარაშვილის სიტყვებით, კანონპროექტი ეფუძნება ერთ-ერთი მოწინავე ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს კანონმდებლობას და ის ეფექტიანად უზრუნველყოფს როგორც სიცრუის გავრცელების პრევენციას, ისე მასზე სათანადო რეაგირებას.

"დღეს მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციასა და პოლარიზაციაში. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ მომზადებული ორივე კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დეპოლარიზაციაში, რაც საქართველოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა"
, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისი სიტყვებითვე, კანონპროექტების ინიცირებისთანავე, დაიწყება კონსულტაციები როგორც საპარლამენტო ფრაქცია "ქართულ ოცნებასთან", ისე ყველა "უცხოური გავლენისგან თავისუფალ და არარადიკალურ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან".
| Print |