მედია
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესმა" ფუნქციონირება შეწყვიტა
დღეს, 12 წლიანი მუშაობის შემდეგ, ფინანსური პრობლემების გამო, ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესმა" ფუნქციონირებას შეწყვიტა. გამოცემამ სპეციალური განცხადებით მკითხველს ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა.

"ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე, 2011 წლიდან აწვდიდა. მთელი ამ ხნის მანძილზე, პოლიტიკური, რელიგიური, და სხვა ორგანიზაციებისგან გამიჯნული, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით, მან ყველაზე მთავარი - საზოგადოების ნდობა პირველივე დღეებიდან მოიპოვა. ეს ნდობა არასდროს შერყეულა და წლიდან წლამდე ძლიერდებოდა" - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

"ლაივპრეს" თავდაპირველად "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა და მაუწყებლობის განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის გრანტიც მოიპოვა.

,,ამ პლატფორმამ ადამიანებს მისცა შესაძლებლობა, ერთის მხრივ შეუზღუდავად მიეღოთ სანდო ინფორმაცია, მეორეს მხრივ კი, თავადაც ყოფილიყვნენ პროცესის, ცვლილებების მონაწილეები. ეს სარედაქციო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო. მაშინაც მიგვაჩნდა და ასეა დღესაც, რომ ჯანსაღი საზოგადოების განვითარებას, ხელს თავისუფალი სივრცის არსებობა უწყობს, სადაც შეგიძლია დამოუკიდებლად იაზროვნო, გაეცნო მიუკერძოებლად, პროფესიონალიზმით მომზადებულ მასალებს, გამოთქვა კრიტიკა, გქონდეს უკუკავშირი რედაქციასთან, შესთავაზო მას ახალი იდეები და მოუყვე საკუთარ პრობლემაზე - ვფიქრობთ, "ლაივპრესმა" ეს შეძლო.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მკითხველი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან. ადამიანები, რომლებიც ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადმოდიოდნენ დანარჩენ საქართველოში, ჩვენი მედიასაშუალებით ეცნობოდნენ უტყუარ ცნობებს ქართულთან ერთად, აფხაზურ და რუსულ ენებზე და მას სოხუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უპირისპირებდნენ.

"ლაივპრესისთვის" გამოცხადებულ ნდობად მიგვაჩნია აფხაზ პოლიტიკოსებთან, ე.წ. მინისტრებთან, ხელოვანებთან ინტერვიუების ციკლიც, როცა შეიარაღებული კონფლიქტიდან წლების შემდეგ, ასე დაუფარავად, პირველად გადაწყვიტეს, საკუთარი სათქმელი ომით გახლეჩილი საზოგადოებისთვის ქართული მედიით ეთქვათ. ამ ყველაფერს მოჰყვა უკუკავშირიც - აფხაზურ ჯგუფებში დისკუსიები, განსხვავებული აზრის მოსმენა, ზოგჯერ კრიტიკაც" - აღნიშნავს გამოცემა და საქმიანობის შეწყვეტის მიზეზს განმარტავს.

,,12 წლიანი მუშაობის შემდეგ, ფინანსური პრობლემების გამო, ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ფუნქციონირებას წყვეტს. განსაკუთრებული მადლობა მკითხველს ნდობისთვის, ერთგულებისთვის, კრიტიკისთვისაც. მადლობა "ლაივპრესის" ყველა თანამშრომელს, ვისაც კი რედაქციაში სხვადასხვა დროს უმუშავია. მადლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს თანამშრომლობისთვის. მადლობა ყველა დონორ ორგანიზაციას, საელჩოებს გამოცხადებული ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის, გულშემატკივრობისთვის"
- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დღესვე, ფინანსური პრობლემების მიზეზით, ,,საინფორმაციო გამოშვების" მუშაობა შეაჩერა ტელე-რადიო კომპანია TV4 - მა, რომელიც ქვემო ქართლში მაუწყებლობს.
| Print |