მედია
ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
"ხალხის ძალის" კანონპროექტი, 20 თებერვალს, ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა. კანონპროექტის მიხედვით, ის არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც საქართველოს პარტნიორებისგან ფინანსდებიან, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდენენ. ბიუროს სხდომაზე საკითხის მხოლოდ პროცედურული ნაწილი განიხილებოდა, რა დროსაც ჟურნალისტების ნაწილმა დარბაზთან აქცია გამართა.

,,არა პუტინიზაციას“, ,,არა, რუსულ კანონს", ,,ნუ გვახშობთ თავისუფალ მედიას" - ეს იყო აქციაზე გაჟღერებული ძირითადი მოთხოვნები. აქციის მონაწილეთა თქმით, ,,პოლარიზების გაღრმავების მიზანი საბოლოო ჯამშიც ხომ ეგ არის, რომ ნდობა მედიის მიმართ დაიკარგოს. ის, რა პრობლემებიც არის რეგიონებში, მასშტაბურად რომ ჩანდეს ცენტრალურ მედიებში, მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე დავდგებოდით... რეალურად ვხედავთ, რომ ერთ მხარეს არის ხელისუფლება, მეორე მხარეს - ოპოზიცია, ერთმანეთში არიან ათქვეფილი, მათ გარშემო ბრუნავს მთელი ქვეყანა და სამწუხაროდ, მედიაში ადამიანები აღარ ჩანან“.
ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცებით, კანონი ,,უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ამერიკული ვარიანტის ,,დარბილებული“ ანალოგია. ხელისუფლებისგან განსხვავებით, აშშ ღრმა შეშფოთების საფუძვლად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და უარყოფს, რომ ის ამერიკული კანონების მსგავსია. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ნედ პრაისის თანახმად, კანონპროექტი, როგორც ჩანს, ეფუძნება რუსულ და უნგრული კანონებს და არა ამერიკულს.

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ არის რუსული კანონის მსგავსი და მას საერთო არ აქვს აშშ-ის კანონმდებლობასთან.

,,მინდა ნათლად ვთქვა, კანონპროექტი, რაც საქართველოს პარლამენტში წარადგინეს, არ არის ამერიკული კანონის მსგავსი… ეს არის რუსული კანონის მსგავსი და, ვფიქრობ, ის არ შეესაბამება დემოკრატიას.

უნგრეთშიც მიიღეს მსგავსი კანონი და აღიარებულია, რომ ის არ მოდის თანხვედრაში ევროკავშირის ღირებულებებთან ადამიანის უფლებებისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით. როდესაც ვსაუბრობ დემოკრატიის უკუსვლაზე, ვგულისხმობ მსგავს კანონს“
, – აცხადებს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი.

კანონპროექტის დარეგისტრირების საკითხს, ოფიციალურ გვერდზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა:

,,სწორედ იმ დროს, როცა მზადდება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პირველადი შეფასება, როცა 24 თებერვლის მოახლოება, ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყნისთვის, სულ უფრო აქტუალურს ხდის ევროპული მომავლის საკითხს, სწორედ ამ დროს ირჩევს ერთ-ერთი პოლიტიკური დაჯგუფება, რომ მოახდინოს კანონის ინიცირება, რომელიც თავისი შინაარსით ევროპას კი არა, რუსეთის მანკიერ მოდელს გვაახლოებს.

და ეს ხდება იმ დროს, როცა ქვეყანაში ამერიკელი სენატორების დელეგაციაა ჩამოსული! ამ ყველაფერს შემთხვევითობას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. ამუშავებულია ძალა, რომელიც საქართველოს ევროპული გზის განმტკიცების მაგივრად, ქართულ ინტერესად სხვა გზას მიიჩნევს.

ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს".
| Print |