მედია
"თუ გინდათ ვინმეს კონტროლი, ჯერ თავად ჩააბარეთ ანგარიში ხალხს" - გიორგი ანდღულაძე "გავლენის აგენტების" კანონზე

სამცხე-ჯავახეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიციირებულ კანონპროექტს, "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ, ეხმიანებიან.

ა/ო "დემოკრატ მესხთა კავშირის" დირექტორი გიორგი ანდღულაძე აღნიშნული კანონის საფრთხეებზე საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლება მისთვის არასასურველი მედიებზე და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე ზეწოლას ცდილობს. მისი თქმით ამ კანონის მიღმა უამრავი კითხვის ნიშნები არსებობს.

ანდღულაძე მიღებული თანხების გამჭვირვალობასაც უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია თუ მედია ღიად ასახელებს მისი დონორების ვინაობას და თუ ხელისუფლება ვინმეს ან რაიმეს გაკონტროლება სურს, ჯერ თავად უნდა ჩააბაროს ანგარიში საზოგადოებას.

"დემოკრატ მესხთა კავშირის" დირექტორმა ჩვენთან საუბრისას ასევე აღნიშნა ის ფაქტიც, რომ გარდა არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიებისა, თავად სახელმწიფოც იღებს უცხოელი დონორებისგან დაფინანსებას, თუმცა აღნიშნულ რეესტრში არ არის.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

  • ყველა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;

  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);

  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

  • კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ჩაატაროს კვლევა. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისთვის ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.

    პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები:

  • იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი;

  • დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.
| Print |