პოლიტიკა
საკრებულოს უარი მერიას - დეპუტატები ხელისუფლების მუშაობის ფორმებს იწუნებენ

ახალციხის საკრებულოს სხდომა, 26 მარტს თითქმის ოთხ საათს გაგრძელდა. ათი საკითხიდან ყველაზე მეტი დრო, ორი ავარიული შენობის დემონტაჟის საკითხს დაუთმეს.

ერთი ცენტრალურ სტადიონთან მდებარეობს, სადაც საცურაო აუზი უნდა აშენდეს, მეორე კი მიქუტიშვილის ქუჩაზე, საბავშვო ბაღის ეზოში, სადაც 100 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი.

"ეს არის მცირე, უსახური შენობები, რომლებიც არანირ ღირებულებას არ წარმოადგენენ. დონორი ითხოვს დემონტაჟი მოხდეს მუნიციპალიტეტის მიერ", - აღნიშნა ზაზა მელიქიძემ.

ახალციხის მერია დღის წესრიგით ითხოვდა, რომ დეპუტატებს საკითხი ცნობის სახით მიეღოთ, სხდომაზე კი მერმა ავარიული შენობების დემონტაჟისთვის საკრებულოსგან ნებართვა ითხოვა. დეპუტატებმა ჩათვალეს, რომ ამ შემთხვევაში მერიას დამატებითი საბუთები უნდა წარმოედგინა, მათ შორის აუდიტის დასკვნა.

"თუ საკითხს კენჭს ვუყრით, მე და აქ მყოფთაგან მგონი უმეტესობა მხარს ვერ დავუჭერთ, თავს შევიკავებთ", - აღნიშნა "ქართული ოცნების" მაჟოროტარმა დეპუტატმა გიორგი ბეროშვილმა. მას ამბარცუმ ბაბოიანიც დაეთანხმა.

ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ დეპუტატებს აუხსნა, რომ დამატებითი დოკუმენტების მომზადება და აუდიტის კვლევის ჩატარება დროში გაიწელებოდა, დონორი კი მშენებლობის დაწყებას აპირებს. ამის მიუხედავად, საკითხა მხარი არც ოპოზიციის და არც მმართველი პარტიის დეპუტატებმა დაუჭირეს.



საბოლოოდ გადაწყდა, რომ მერია დემონტაჟის საკითხს განსახილველად საკრებულოს კიდევ ერთხელ, სრულყოფილი დოკუმენტებით და აუდიტის დასკვნით წარუდგენს.

თავის მხრივ, ზაზა მელიქიძემ საკრებულოს უსაყვედურა.

"სპორტი გასავითარებელია, უნდა ჩამოყალიბდეს სხვადასხვა მიმართულების სპორტის კლუბები. სასპორტო სკოლის წესდებაში შესატანია ცვლილება. კომისიაზე არ მოხდა ამ საკითხის განხილვა", - განაცხადა ზაზა მელიქიძემ.

"ქართული ოცნების" დეპუტატმა ამბარცუმ ბაბოიანმა კი უპასუხა, რომ მერიამ საკითხი დაგვიანებით, 26 მარტს, საღამოს ექვს საათზე მიაწოდა და ამ დროში კომისიაზე განხილვას და დამუშავებას ვერ მოასწრებდნენ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ახალციხის საკრებულო მერიის მუშაობას იწუნებს და ზოგიერთ საკითხს აპროტესტებს. ბოლო პერიოდში დეპუტატები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. ზაზა მელიქიძემ ამ მდგომარეობას დღეს "ბუნებრივი პროცესი" უწოდა.

 


Print