პოლიტიკა
არ მოკლა პრეზიდენტი - აქცია ახალქალაქში
არ მოკლა პრეზიდენტი - ამ ლოზუნგით ახალქალაქში, საკრებულოს შენობასთან, ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი მესამე პრეზიდენტის პატიმრობას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სააკაშვილისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებას აპროტესტებენ.

ახალქალაქის მსგავსად, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა დედაქალაქსა და რეგიონებში. "მიშას სიცოცხლისთვის!" - თბილისში, მშვიდობის ხიდზე გამართული აქციის მთავარი გზავნილი იყო. 

"თავის ფეხით შევიდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ ჰოსპიტალში და დღეს რა მდგომარეობაშია, თვითონ ამ რეჟიმმა გამოაქვეყნა კადრები და მთელმა მსოფლიომ ნახა, სააკაშვილის მძიმე მდგომარეობა. დღეს აქ იმიტომ ვართ, რომ გამოვხატოთ სოლიდარობა კიდევ ერთხელ - ეს არ არის უკანასკნელი აქცია. მომავალშიც ვაპირებთ ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად", - აღნიშნა ენმ-ის წევრმა გია ბარამიძემ.

თბილისში კიდევ ერთი აქცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მიმდინარეობს. ეს აქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა დააანონსა.

"ფეიგინის ინიციატივას შევუერთდით. შევიკრიბეთ მთავრობის კანცელარიასთან და ამ აქციებს, მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქში შევუერთდით. აქედან მივდივართ ბიძინა ივანიშვილის სახლთან, რომელიც არის მთავარი ბოროტების წყარო ამ ქვეყანაში. 2023 წელს რუსეთი დამარცხდება უკრაინასთან, ბოროტება დამარცხდება მშვიდობასთან, გაიმარჯვებს თავისუფალი მებრძოლი უკრაინელი ხალხი, ჩვენ უნდა ვიყოთ ამ გამარჯვების თანამონაწილეები და არა პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალი პრეზიდენტის მკვლელი ხალხი. ასეთ მკვლელ ხალხს, რომელიც პრეზიდენტს წამებით კლავს ციხეში, არ ელოდებიან ევროკავშირში. მნიშვნელოვანია ჩვენი აქტიურობა და ბრძოლა"
, - აღნიშნა ხაბეიშვილმა მედიასთან.

აქციები მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად და მხარდასაჭერად მიმდინარეობს ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ოზურგეთსა და ჭორვილაში, ივანიშვილის სახლთან.  დღესვე აქციები გაიმართა ერევანში, კიევსა და კიშინიოვში.

გარდა ამისა, საქართელოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად დღეს აქციები იმართება ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქალაქებშიც. გლობალური აქციის დღის ინიციატივით მანამდე ადვოკატი და წამყვანი მარკ ფეიგინი და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი გამოვიდნენ.
Print