პოლიტიკა
ადიგენის საკრებულოში სხდომები ყველაზე მეტჯერ გააცდინეს
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)-ის კვლევის მიხედვით 2022 წელს საკრებულოს სხდომების გაცდენის სტატისტიკაში ადიგენის მუნიციპალიტეტი მეორე ადგილზეა.

"მუნიციპალიტეტის საკრებულოებში გამართულ სხდომებზე საკრებულოს წევრების 2022 წლის სტატისტიკა IDFI-ის 51-მა მუნიციპალიტეტმა მიაწოდა.

51 მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სულ აღრიცხულია საკრებულოს წევრების მიერ სხდომის გაცდენის 4,140 შემთხვევა, საიდანაც 65%-ის მიზეზი (საპატიო/არასაპატიო) უცნობია. 29%-ის შემთხვევაში მითითებულია, რომ საკრებულოს წევრმა სხდომა საპატიო მიზეზით გააცდინა, ხოლო 6%-მა არასაპატიო მიზეზით.

საშუალოდ ყველაზე მეტი გაცდენა მარტვილის, ადიგენის, ცაგერისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოებში ფიქსირდება.

საკრებულოს იმ 11 წევრიდან, რომელთაც საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი არასაპატიო გაცდენა დაუგროვდათ, 7 მათგანი მარტივილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატია.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ სხდომათა არასაპატიო მიზეზით გაცდენა ხშირია. ამასთან, არაერთგვაროვანია მუნიციპალიტეტების საკრებულოების მხრიდან გაცდენების აღრიცხვის წარმოების პრაქტიკაც, რაც საპატიო/არასაპატიო მიზეზების მიხედვით სტატისტიკის ჩაშლილად წარმოების ნაკლებობას უკავშირდება.

64 მუნიციპალიტეტიდან, საკრებულოს წევრების მიერ წლის მანძილზე გაწეული მუშაობის ამსახველი ანგარიშები 34-მა მუნიციპალიტეტმა მოგვაწოდა, მათ შორის მხოლოდ 20-ს აქვს ეს დოკუმენტები ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული.

საკრებულოს წევრების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშები სრულყოფილი სახით მხოლოდ თბილისის, დმანისის, ფოთის, აბაშისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს.

საკრებულოს წევრთა მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშების ფორმა არაერთგვაროვანია და ძირითადად მხოლოდ ფორმალურ ფორმალურ ხასიათს ატარებს" -
ნათქვამია IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.
Print