პოლიტიკა
გუნდში განვიხილეთ შესაძლებლობა, ზაფხულამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე, ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება - ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება 1-ელ თებერვალს, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ისაუბრა.

„არ დაგიმალავთ, რომ პოლიტსაბჭოში განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ზაფხულამდე, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე, ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. მე წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა პირველად 2013 წელს დაიკავა. მან ამ თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ჩაანაცვლა, თუმცა 2015 წლის 30 დეკემბერს თანამდებობა დატოვა. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტის მეორედ დაკავებამდე ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის თავდაცვის უწყებას ხელმძღვანელობდა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეორედ კი 2021 წლის 22 თებერვალს დაიკავა, რა დროსაც მან ამ პოსტზე გიორგი გახარია ჩაანაცვლა.
Print