პოლიტიკა
რუსეთი საქართველოს არა პირველი, მაგრამ მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია - ლევან დავითაშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის ლევან დავითაშვილის მტკიცებით, ხელისუფლების სურვილია, რომ უფრო მეტი იყოს ევროკავშირში ექსპორტი, თუმცა დღევანდელ ვითარებას ბევრი ობიექტური საფუძველი და პირობა გააჩნია.

„რაც შეეხება ევროკავშირში ექსპორტს. 2023 წელს, 2014 წელთან შედარებით ექსპორტი გაიზარდა 41%-ით. მნიშვნელოვანი ზრდაა და დაახლოებით 700 მილიონ დოლარს შეადგენს. მთლიანად ქვეყნის ექსპორტიც დინამიკურად იზრდება და აქაც მანიპულირებას აქვს ადგილი. მარტივი გასაგებია, რომ როდესაც ექსპორტი იზრდება, წილობრივი მაჩვენებელი შეიძლება არ იყოს მაღალი.

ბუნებრივია ჩვენ გვინდა, რომ უფრო მეტი იყოს, თუმცა ამას ბევრი ობიექტური საფუძველი გააჩნია და პირობა, რატომაც ჩვენ სრულად ვერ ვიყენებთ შესაძლებლობებს. ქვეყანაში შესაძლებლობების განვითარება უნდა მოხდეს, როგორც სამეწარმეო კუთხით, მეტი გაყიდვადი და ექსპორტირებადი პროდუქტი უნდა იწარმოებოდეს და ასევე ინფრასტრუქტურა საშუალებას უნდა გვაძლევდეს, რომ ევროკავშირის ბაზარზე გვქონდეს სრული წვდომა, მათ შორის ლაბორატორიული და სტანდარტების კუთხით“,
- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილმა რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გეოგრაფიიდან გამომდინარე რუსეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია.

„2013 წლამდე საქართველოდან რუსეთში საერთოდ არ ხორციელდებოდა ექსპორტი. საქართველო იყო დაკეტილი, ჰქონდა ემბარგო. შემდეგ ეტაპობრივად დავიწყეთ რუსეთის ბაზარზე წვდომა, მოხდა სხვადასხვა მიმართულებაზე პროდუქციის დაშვება. ეს ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი შედეგი იყო. როდესაც საქართველო რუსეთში არ ყიდდა არაფერს, საქართველო რუსეთიდან ყიდულობდა ყველაფერს.

საქართველოს ჰქონდა ცალმხრივი ეკონომიკური ურთიერთობა. ჩვენ გვქონდა იმპორტი, რომელიც არაფრით არ ბალანსდებოდა. ეს არ იყო ჩვენთვის ხელსაყრელი ეკონომიკური მდგომარეობა. 2013 წლიდან ეტაპობრივად დაიწყო ბაზრის გახსნა და ბუნებრივია, რომ ერთ-ერთი სავაჭრო პარტნიორია რუსეთი. არა პირველი, მაგრამ მნიშვნელოვანი, გამომდინარე გეოგრაფიიდან და იქიდან, რომ ბევრი პროდუქტისთვის ეს არის ტრადიციული ბაზარი“
, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
Print