პოლიტიკა
„საქართველოში რუსული საწვავი ევროპულზე 14-32 თეთრით მეტი ფასნამატით იყიდებოდა“
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. სააგენტოს 2023 წლის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში 54 ეკონომიკური აგენტის მიერ 1 541 612 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა.

ანგარიშის თანახმად, საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან - 62.5%, რომელსაც მოჰყვება რუმინეთი - 15.3% და ბულგარეთი - 9.4%. სააგენტოს შეფასებით, ბაზრის იმპორტის დონე ზომიერად კონცენტრირებულია.

„საწვავის საცალო ბაზარზე, 2023 წლის პირველი ნახევარი ფასების შემცირების ტრენდით ხასიათდებოდა, ხოლო მეორე ნახევარი ფასების ზრდის - მსგავსად საქართველოსთვის საწვავის მომწოდებელ ძირითად ევროპულ ქვეყნებში (რუმინეთი, ბულგარეთი). კერძოდ, წლის პირველ ნახევარში - რეგულარის მარკის საწვავის შემთხვევაში ფასი 1 ლიტრზე 50-70 თეთრით შემცირდა, პრემიუმის შემთხვევაში 50-60 თეთრით, ხოლო დიზელის შემთხვევაში აგვისტოს თვის ჩათვლით ფასი შემცირდა 75-90 თეთრით. 2023 წლის მეორე ნახევარში - მაქსიმალური ფასი საქართველოში ოქტომბრის თვეში დაფიქსირდა, ხოლო რუმინეთსა და ბულგარეთში სექტემბრის თვეში. მაქსიმალური ნიშნულის შემდეგ, საქართველოში ფასი შემცირდა საშუალოდ 1 ლიტრზე 15 თეთრით, ხოლო რუმინეთსა და ბულგარეთში 30 თეთრით.

2023 წლის მეორე ნახევარში, საცალო ფასების ზრდასთან ერთად, მსხვილი კომპანიების და მცირე ქსელების საცალო ფასებს შორის სხვაობა გაიზარდა. მაგ. რეგულარის მარკის საწვავზე, მსხვილ კომპანიებს და მცირე ქსელებს შორის სხვაობა, 2023 წლის ნოემბრის თვემდე, 10-20 თეთრს შეადგენდა, ხოლო 2023 წლის ნოემბრის თვიდან 30-35 თეთრს.

2023 წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში, მსხვილი კომპანიების შემთხვევაში, წინა პერიოდთან შედარებით, ადგილი აქვს გაზრდილი ფასნამატის მიღებას. აღნიშნული, შესაძლოა, კავშირში იყოს საწვავის მარაგებთან ან/და რუსეთის ფედერაციიდან იაფი საწვავის იმპორტის შემცირებულ მაჩვენებელთან. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსხვილი კომპანიების ნაწილი ოპერირებებს მხოლოდ ევროპული საწვავით, შესაბამისად ევროპული საწვავის შემთხვევაშიც ადგილი აქვს გაზრდილი ფასნამტის მიღებას,“
- ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, გასულ წელს საქართველოში რუსული საწვავი ევროპულზე უფრო მეტი ფასნამატით იყიდებოდა.

კერძოდ, როგორც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ანგარიშშია მითითებული, ევროპული წარმოშობის რეგულარის ტიპის საწვავზე ფასნმატი 52 თეთრი იყო, რუსულ რეგულარზე კი - 75 თეთრი; ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებული „პრემიუმი“ საქართველოში 60-თეთრიანი ფასნამატით იყიდებოდა, ხოლო რუსულზე - 92 თეთრი იყო ფასნამატი.

რაც შეეხება დიზელს, ევროპული წარმოშობის დიზელი, გასული წლის ბოლოს 60- თეთრიანი, ხოლო რუსული - 74 თეთრიანი ფასნამატით იყიდებოდა.
Print