პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას აპირებს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას აპირებს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს.

ადმინისტრაციის თქმით, პრეზიდენტმა მიუნხენის კონფერენციიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო. არსებული ინფორმაციით, საქართველოდან კიდევ ერთი დელაგაცია გაემგზავრება საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით. წინა წელს კონფერენციას ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის თქმით, ახალი პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე მიუნხენის კონფერენციაზე არ იქნება წარმოდგენილი. როგორც ცნობილია, კობახიძე პირველ ვიზიტს ბრიუსელში გეგმავს.

სპიკერთა სია ჯერჯერობით მიუნხენის კონფერენციის ვებ-გვერდზე არ დევს, თუმცა ცნობილია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 50 სახელმწიფო მეთაური, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. მან ამის შესახებ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება. ლიდერები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტებსა და კრიზისებზე იმსჯელებენ. კონფერენცია დასრულდება დისკუსიებით ევროპის როლზე მსოფლიოში.
Print