პოლიტიკა
ნავალნის გარდაცვალების ინფორმაცია მიუნხენის კონფერენციისთვის მესიჯი იყო - სალომე ზურაბიშვილი
"მე ვფიქრობ, რომ შემთხვევითი არ ყოფილა, როცა ნავალნის გარდაცვალება მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე საათით თუ წუთით ადრე გამოცხადდა. რუსეთისთვის დამახასიათებელია, შეეცადოს, ფსიქოლოგიურად გავლენა მოახდინოს, რომ რუსეთი აკეთებს იმას, რასაც უნდა და სადაც უნდა. ვფიქრობ, რომ ეს მიუნხენის კონფერენციისთვის მესიჯი იყო", - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში DPA-სთან ინტერვიუში.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა, ამის შესახებ რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური იტყობინება.

უწყების თანახმად, ნავალნიმ თავი გასეირნების შემდეგ შეუძლოდ იგრძნო და პრაქტიკულად მყისიერად გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.

14 თებერვალს 47 წლის რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი 27-ედ, 7 დღით მოათავსეს იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიის სადამსჯელო იზოლატორში, ათი დღით.

2023 წლიდან ნავალნი სასჯელს იხდიდა განსაკუთრებული რეჟიმის კოლონია "Полярный волк-ში" (რუს. პოლარული მგელი), იამალის ნახევარკუნძულზე, დასავლეთ ციმბირის ჩრდილოეთში.

2023 წლის აგვისტოში მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა, როცა დამნაშავედ ცნო ექსტრემისტული ჯგუფის დაარსებაში, ექსტრემიზმისკენ მოწოდებასა და მის დაფინანსებაში. პოლიტიკოსი თავს დამნაშავედ არ ცნობდა, ბევრი სამართალდამცავი ორგანიზაცია მას პოლიტპატიმრად მიიჩნევდა.

გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ, ნავალნი მოსკოვში 2021 წლის 17 იანვარს დაბრუნდა. ის აეროპორტშივე დააკავეს. 2 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის მუხლით ადრე მისჯილი პირობითი პატიმრობა რეალური სასჯელით, 2,5-წლიანი პატიმრობით შეუცვალა. მოგვიანებით პოლიტიკოსი ასევე გაასამართლეს თაღლითობის მუხლით.

Print