პოლიტიკა
ბორჯომში არ საციგაო ტრასაა და არც ყინულის მოედანი, 8 მწვრთნელმა კი ხელფასი აიღო – ფლანგვის დეტექტორი
,,18 თანამშრომელს, რომელიც სამუშაოს ვერ ასრულებდა, ბორჯომის მერიამ 2 წელში 170 ათასი ლარი გადაუხადა”, – ამ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

ორგანიზაცია წერს, რომ ბორჯომში არ არის არც საციგაო ტრასა, არც ტრამპლინი და ყინულის მოედანი, თუმცა მწვრთნელებმა ხელფასი მაინც აიღეს და ანაზღაურება 70 ათას ლარს აჭარბებს.

“ფლანგვის დეტექტორს” ბორჯომის შემთხვევა მოჰყავს მაგალითად – ირკვევა, რომ ბორჯომის 2024 წლის ბიუჯეტის თანახმად, ბორჯომის მერიასა და საკრებულოში 133 ადამიანი მუშაობს. შესაბამისად, ბორჯომში საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა მინიმუმ 1151 ადამიანია, რაც მოსახლეობის 5%-ს უდრის.

,,ბორჯომის მერია ბიუჯეტის მესამედს იხდის 17 ა(ა)იპ-ის დაფინანსებაზე, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილის არსებობის აუცილებლობა საერთოდ არ არსებობს. ამ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა 2021 წელთან შედარებით 92 ადამიანით გაიზარდა, ხოლო საბიუჯეტო დაფინანსება 4 მილიონი ლარით.

2021-22 წლებში ა(ა)იპ – ბაკურიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორის, ბუღალტრისა და კოორდინატორის შრომის ანაზღაურებაში 70,800 ლარი დაიხარჯა, მაშინ როდესაც ამ ორგანიზაციის ფუნქციებს უკვე ასრულებს მუნიციპალიტეტში არსებული სხვა ა(ა)იპ.

170 ათასი დაიხარჯა იმ 18 მწვრთნელისა და სასოფლო კლუბის ხელმძღვანელის ხელფასებში, რომლებიც თავიანთ ფუნქციებს შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო ვერ ახორციელებდნენ.

ყოველივე ზემოთაღნიშნული მიუთითებს, რამდენად პრობლემურია მუნიციპალური ა(ა)იპ-ების საქმიანობა და როგორ იხარჯება მილიონობით ლარი უსარგებლო და უფუნქციო საბიუჯეტო ორგანიზაციების შესანახად,
” – წერია ორგანიზაციის დასკვნაში.
Print