პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ კიდევ ორი პირი გაათავისუფლა თანამდებობიდან
პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი გაათავისუფლა.

ბარნაბიშვილი ამ პოსტს 2021 წლის მარტიდან იკავებდა. ის ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინა საზოგადოებას.

"ლერი ბარნაბიშვილი არის ძალიან ენერგიული, წარმატებული, ეფექტური მენეჯერი. მას შეუძლია უწყებებთან ძალიან კარგი კოორდინაცია, რაც ჩვენ გვჭირდება და ვფიქრობ, იგი წარმატებული იქნება ამ პოზიციაზე. ის იქნება ჩემი წარმომადგენელი და თქვენთან ძალიან მჭიდრო კოორდინაცია ექნება"
, - აღნიშნა მაშინ ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, კობახიძესთან საუბრის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა ზურაბ აზარაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტიდან გაათავისუფლეს რევაზ ჯაველიძე. მის მოვალეობას ილია შამუგია შეასრულებს. პრემიერის ბრძანებით, გათავისუფლდა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ლევან სუხიტაშვილიც.
Print