პოლიტიკა
მოსახლეობის უმრავლესობას სურს კანონი, რომელიც დაიცავს ყველას უფლებას - მამუკა მდინარაძე
"ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა, ქუთაისისა და ამბროლაურის შემდეგ, დღეს ოზურგეთში გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და დეპუტატები მოსახლეობას ოზურგეთის დრამატულ თეატრში შეხვდნენ.

შეხვედრა შალვა პაპუაშვილმა გახსნა, რომელმაც ცვლილებების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა. კომისიის წევრებმა მოსახლეობას ინიციატივის შინაარსი გააცნეს და დარბაზში მოქალაქეების შეკითხვებსაც უპასუხეს.

,,აშკარაა, რომ საზოგადოებრივი კონსენსუსი ამ თემაზე არსებობს. არსებობენ გამონაკლისები, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის პრაქტიკულად აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა კანონი, კონსტიტუციაში ცვლილებები, რომელიც ერთი მხრივ, დაიცავს (პრაქტიკაში, აღსრულებაში ეს ისედაც ასეა, ანტიდისკრიმინაციული კანონი გვაქვს) ადამიანის ნებისმიერ უფლებას, ნებისმიერი განსხვავების, ნებისმიერი არატრადიციული ცხოვრების წესის მიუხედავად, დაიცავს თითოეული მოქალაქის უფლებებს, მაგრამ მეორე მხრივ, დაიცავს ჩვენს მომავალ თაობებს, საზოგადოებას პროპაგანდისგან, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და ამის გამორიცხვა არის ეროვნული ინტერესი" - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

"ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა" - ასე ჰქვია კონსტიტუციის 30-ე მუხლის დამატებას, რომელიც 8 პუნქტს მოიცავს.  მამუკა მდინარაძის განცხადებით, მარაზმია ევროპარლამენტის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესებაზე საუბარი.

,,სანქციები კი არა, საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ხალხი კვდებოდა და ეწირება ამ იდეას, წარმოუდგენელია კანონშემოქმედებისთვის სანქციები დააწესოს ევროსტრუქტურამ, მარაზმია.

ჩვენ რომ აზრი გაგვაჩნია, რომ ეს არის სწორი საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, გამჭვირვალობისთვის და გამჭვირვალობა თვითმიზანი კი არ არის, იმისათვის, რომ ქართველმა ადამიანმა, საქართველოს მოქალაქემ იცოდეს რა ფული შემოდის და რაში იხარჯება, ამას ჯერ რუსული დაარქვას ვიღაცამ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარედან ამას არ კადრულობენ წელს, შარშან ესეც იყო და მერე ქვეყნის გარედან სანქციების თქმაც კი, მარაზმულია, არა თუ ასეთი გადაწყვეტილების მიღება. სანქციებზე საუბარიც კი აბსოლუტური მარაზმია.

სისხლიანი რეჟიმის ავტორის გათავისუფლებაზე რომ ლაპარაკობს ის არც დოკუმენტი ვარგა დოკუმენტად, არც ნათქვამი ვარგა განცხადებად და არც მორალი ვარგა არაფრად, სააკაშვილის გათავისუფლებაზე რომელიც ილაპარაკებს, დოკუმენტი იქნება, განცხადება თუ ნებისმიერი სახის ვერბალური თუ ოფიციალური კომუნიკაცია იქნება.

ეს ქართველმა ხალხმა უკვე გადაწყვიტა და ჩვენ ერთ რამეს ვლამობთ და მივაღწევთ - საქართველო ყოველთვის მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და თუ ვინმემ მოინდომოს, რომ იყოს უფროსი, ეს ასე არ მოხდება. ჩვენ ჩვენს ევროპელ მეგობრებს და პარტნიორებს ვუწვდით მეგობრობის ხელს და ჩვენი ოპონენტები ცდილობენ უფროსი დაინიშნონ.

ჩვენ უფროსებს არ დავინიშნავთ, ჩვენ ვიქნებით მეგობრები, ღირსეული მეგობრები, წავყვებით ყველა საქმეში, რაც საქართველოს ფიზიკურად და ქართულ იდენტობას არ გაანადგურებს, დანარჩენზე ყველაფერზე მივყვებით"
, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.


Print