პოლიტიკა
ბევრად მეტი თვითმმართველობის შექმნისა და გაძლიერების მომხრე ვარ – საქართველოს პრეზიდენტი
შვიდი თვითმმართველი ქალაქის არა გაუქმების, არამედ ბევრად უფრო მეტი თვითმმართველობის შექმნისა და გაძლიერების მომხრე ვარ – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ახალციხეში ვიზიტისას გააკეთა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ახალციხელმა ბევრად უკეთესად იცის რა პრობლემის მოგვარება სჭირდება ქალაქს. ამიტომ ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს მიაჩნია, რომ გაუქმების ნაცვლად ადგილობრივ თვითმმართველობებს, სახელმწიფომ უფრო მეტი უფლებები უნდა მისცეს.

"თვითმმართველობა სწორედაც რომ დემოკრატიულიც არის და ეფექტურიც არის. განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, რომადამიანები ადგილზე საკითხებს ბევრად უფრო იოლად და ცენტრთან კონსულტაციის გარეშე წყვეტენ. ასეც უნდა იყოს. მაგალითად ახალციხის მოსახლეობამ უკეთესაც არ იცის რომელი ქუჩაა გასარემონტებელი? რომელი საბავშვო ბაღია გასარემონტებელი, ან რა ტიპის ჯანდაცვის მოწყობა უნდა იყოს აქ? ბუნებრივია უფრო კარგად იცის და არც უნდა წავართვათ ეს უფლება. ბოლომდე უნდა მივანიჭოთ ეს უფლება ადგილობრივ მოსახლეობას" – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი ახალციხეს 28 აპრილს სტუმრობდა. გიორგი მარგველაშვილმა ახალციხის უნივერსიტეტში და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კამპანიის "კონსტიტუცია ყველასია" ფარგლებში სტუდენტებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი განიხილა. 

საქართველოს ხელისუფლებამ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, 2013-2014 წლებში დაიწყო და იგი მიზნად ისახავდა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის გაზრდას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მეტ ჩართულობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მეტ დეცენტრალიზაციას. თუმცა ამჟამად ხელისუფლების წარმომადგენლები 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასა და სათემო მუნიციპალიტეტთან კვლავ გაერთიანებაზე მსჯელობენ.

Print