რელიგია
რაბათში, საკათედრო ტაძარში, მიტევების რიტუალი გაიმართა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყველიერის კვირის დასრულებას და შენდობის დღეს აღნიშნავს. რაბათში, წმ.მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა ახალციხისა და ტაო-კლარეთის მიტროპოლიტმა აღავლინა.

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ყოველ დილით, 8:00 საათზე და საღამოს 17:00 სთ-ზე, აღევლინება საგანგებო ლოცვები, ხოლო შაბათს, დილის 10:00 სთ აღევლინება წმ. თეოდორე ტირონის ხსენების დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო წირვა.

ყველიერის შვიდეულის ბოლო კვირა დღე ერთადერთია მთელი წლის განმავლობაში, რომელსაც განსაკუთრებული სინანულითა და სულიერი განწმენდის სურვილით ხვდება თითოეული ქრისტიანი. ამ დღეს ყველა ტაძარში აღესრულება საგანგებო ღვთისმსახურება, იკითხება შენდობის ლოცვები.

ეკლესია ამ დღეს სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება. კვირას, ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება.

ამის შემდეგ, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს.  მიტევების კვირა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში დააწესეს ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე მამებმა. ამ დღეს ბერები ერთმანეთისაგან ცოდვების შენდობას ითხოვდნენ და უდაბნოში აღდგომის საგალობელთა გალობით გადიოდნენ, რადგან არ იცოდნენ მშვიდობით დაუბრუნდებოდნენ თუ არა თავიანთ მონასტრებს აღდგომისათვის”.
| Print |