რელიგია
ებრაელებისთვის პასექი - უფუარობის დღესასწაული დაიწყო

 

დღეს, 19 აპრილს დაიწყო და შვიდი დღე გაგრძელდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ებრაული დღესასწაული - ფესახი, იგივე პასექი.

 

ფესახი ეგვიპტის ტყვეობიდან ებრაელთა გამოხსნის დღესასწაულია, სხვაგვარად ის უფუარობის დღესასწაულადაც მოიხსენიება. ხუთწიგნეულში ვხვდებით მოწოდებას: "დაიცავით უფუარობა, რადგან სწორედ ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი მხედრობა ეგვიპტის ქვეყნიდან; დაიცავით ეს დღე თაობიდან თაობაში სამარადისო წესად" (გამოსვლა 12; 17).

ეგვიპტიდან ებრაელთა გამოხსნას იუდეო-ქრისტიანული ტრადიცია მოსე წინასწარმეტყველს უკავშირებს. ტრადიცია მოგვითხრობს, რომ მას შემდეგ, რაც ღმერთმა ეგვიპტელებს პირველშობილები წაართვა, ფარაონმა ებრაელებს, მოსეს მეთაურობით ნება დართო ეგვიპტე დაეტოვებინათ. ყოფილი მონები ისე ჩქარობდნენ, რომ ცომს საფუარს აღარ უკეთებდნენ და ხმიადებს აცხობდნენ. ასე გაჩნდა ფესახის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი - ხმიადი მაცა. "შვიდ დღეს უფუარი კვერები ჭამეთ", - ნათქვამია ლევიანთა წიგნში.

პასექი სამ პილიგრიმულ, მომლოცველობით დღესასწაულთაგან ერთ-ერთია, როცა ებრაელები იერუსალიმის ტაძარს მოილოცავენ.

ებრაელთა პასექი ყოველთვის წინ უსწრებს მართლმადიდებლების აღდგომის დღესასწაულს, რადგანაც სახარების მიხედვით, სწორედ პასექის შემდეგ აცვეს ჯვარს ქრისტე, რის შემდეგაც მოხდა მისი აღდგომა.

| Print |
თეგები: ფესახი / პასექი /